რუსეთი საქართველოში “ლუგარის ცენტრის” ინსპექტირებას მოითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე „სამხედრო-ბიოლოგიური“ საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან „ურთიერთმისაღები პირობებით“ ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.

„მაღალი ბიოთავდაცვის მქონე აღნიშნული ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და, მის ინტერესებიდან გამომდინარე,გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკრობების შესასწავლად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

რუსეთის საგარეო უწყება აპელირებსბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას(BTWC) და აღნიშნავს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად აშშ-ი არ აწვდის რუსეთს ინფორმაციას ლუგარის ცენტრში მიმდინარე ორმაგი დანიშნულების საქმიანობის შესახებ.

„ლუგარის სახელობის ცენტრის საქმიანობა იწვევს სერიოზულ შეკითხვებს აშშ-ის მხრიდან BTWC-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღინიშნა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტებისა და ინფექციების გამომწვევი მიკრობების მწერების საშუალებით გადატანის მიმართულებით. აღნიშვნის ღირსია, რომ აშშ-მა უკვე დააპატენტა უპილოტო მფრინავი აპარატი დაინფიცირებული კოღოების ჰაერში გასავრცელებლად. ამას გარდა, გაიცა პატენტი საბრძოლო მასალების წარმოებაზე, რომლებიც მომწამვლელი ნივთიერებით ან ინფექციური აგენტებით იქნება დამუხტულია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2018 წლის 14-15 ნოემბერში ჩატარებული შემოწმების სანდოობას და მიზანშეწონილად მიიჩნევს, ლუგარის ცენტრის „ნამდვილ შემოწმებას“ რუსი ექსპერტების მიერ, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ „გარანტია შევიდნენ ყველა კორპუსში, მათ შორის შენობაში, რომელსაც ამერიკელი სპეციალისტები იკავებენ“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად