რუსეთი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური ანგარიში, რომელიც მსოფლიოს 43 ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას შეეხება.

ანგარიში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოიცავს მხოლოდ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს და არ შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომელთანაც რუსეთის ფედერაციას შედარებით ნორმალური ურთიერთობები აქვს.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში არსებულ ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე და აცხადებს, რომ “ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა კვლავ დაბალია და ისინი მოითხოვენ უფრო ფართო ავტონომიას, მათ შორის- სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში”.

“ადამიანის უფლებათა საზოგადოება კვლავ შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების პოპულარიზაციისა და დაცვის მდგომარეობით. უფლებადამცველები მიუთითებენ პროგრესის არარსებობაზე ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების რეგულარული დარღვევა, გამოხატვის თავისუფლება და ძალოვანი სტრუქტურების მიერ ზედმეტი ძალის გამოყენება.

საერთაშორისო და ქართული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად გამოხატავენ შეშფოთებას მცირე ეთნიკური ჯგუფების იზოლირებისა და ქართული “უმრავლესობისგან” მათი გაუცხოების გამო. ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელთა მონაწილეობის ხარისხი რჩება უკიდურესად დაბალი, რაც მათ საშუალებას არ აძლევს სრულად ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში. საზოგადოებრივ საქმეებში მათი მონაწილეობის დაბრკოლებებია პოლიტიკური პარტიების შექმნის აკრძალვა ტერიტორიულ საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 23.3 მუხლით. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ არაერთხელ გამოაქვეყნა უარყოფითი მოსაზრებები ამ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით.

ეროვნული უმცირესობების მთავარი პრობლემა კვლავ სახელმწიფო ქართული ენის ცოდნის ნაკლებობაა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ შემოიღო მთელი რიგი კანონები, რომლებიც ზღუდავს უმცირესობათა ენების გამოყენებას და აიძულებს არაქართულენოვან ეთნიკურ ჯგუფებს, მთავრობის წარმომადგენლებთან ქართულად ისაუბრონ. ამრიგად, ენის ცოდნა სავალდებულოა სამთავრობო უწყებებში დასაქმების, სკოლებში ერთიანი გამოცდის ჩაბარების და პროფესიული საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

2005 წელს ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებისას, საქართველომ გააკეთა არაერთი შენიშვნა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს ვალდებულება, ეთნიკურ თემებს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა მიანიჭოს, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებები ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების შესანარჩუნებლად არ იქნა აღიარებული.

მაგალითისთვის, დიდი ხანია სომხური საზოგადოება აყენებს ავტონომიის საკითხს სამცხე-ჯავახეთისთვის, ხოლო აზერბაიჯანელები ქვემო ქართლიდან მოითხოვენ უფრო ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივ სტრუქტურებში, სადაც ყველა მთავარი პოსტი ქართველების მიერაა დაკავებული. ეს მოთხოვნები არ არის მხარდაჭერილი ქართული ხელმძღვანელობის მიერ, რადგან ისინი სეპარატისტულ სენტიმენტების გამოხატულებად აღიქმება”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები
იტვირთება...