რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილოს

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ არსებული სანქციების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters უცნობ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, შესაბამისი წინადადებით რუსეთი მას შემდეგ გამოვიდა, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს  შორის შეხვედრა გადაიდო. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რატომ სურს რუსეთს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ არსებული სანქციების საკითხის განხილვა.

7 ნოემბერს, სააგენტო “როიტერი” სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრა ჩრდილოეთ კორეელ პოლიტიკოსებთან გადაიდო.

შეხვედრა ნიუ იორკში ხუთშაბათს, 8 ნოემბერს უნდა გამართულიყო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები იმ დროისთვის დაიგეგმება, როდესაც ორივე მხარეს თავისუფალი გრაფიკი ექნება.

“შეერთებული შტატები კვლავ ყურადღებას უთმობს სინგაპურში ივნისის სამიტზე პრეზიდენტ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის შეთანხმების შედეგად აღებულ ვალდებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, მედია იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარს უჭერენ.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
კომენტარები
იტვირთება...