როცა სინათლე გულიდან მოდის … – შშმ პირების მიერ შექმნილი საოცარი ხელნაკეთი ნივთები

მაკა კვანჭიანი და ირმა ნარსია ფოთელები არიან. მათ მხედველობის პრობლემა ადრეული ასაკიდან შეექმნათ. ირმას 15 წლის ასაკში, მაკას სტუდენტობის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ მათ მძიმე განსაცდელი მოუვლინა, მეგობრების და კეთილი ადამიანების დახმარებით შესძლეს ბუნდოვანი გარემოს გაფერადება. დღეს ორივე არაერთი ორიგინალური ხელნაკეთი ნივთის ავტორია და ამბობენ, რომ ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც მშვენიერია.

მაკა კვანჭიანი: ბავშვობაში სულ ვხატავდი და მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი. შემდეგ სწავლა სამხატვრო სასწავლებელში გავაგრძელე. ვქსოვდით ხალიჩებს, ვეუფლებოდით ფერწერას, გრაფიკას. დღეს მეტნაკლებად ვცდილობ ამ ჟანრში ვიყო და ხელოვნებას მივყვე. მხედველობის პრობლემა სტუდენტობის პერიოდში შემექმნა, მკვეთრად დამიქვეითდა მხედველობა. მქონდა დეპრესიის პერიოდი, მაგრამ შემდეგ, ოჯახის, მეგობრების დახმარებით მოვახერხე გადამელახა ეს. შევძელი ცხოვრება ჩვეულებრივად გამეგრძელებინა, ასე ვთქვათ, ფარხმალი არ დავყარე და დღემდე მოვდივარ ასე.

ირმა ნარსია: 15 წლამდე ბედნიერი და ლაღი ბავშვება მქონდა. სკოლის პარალელურად თოჯინების თეატრში, სპექტაკლებში ვღებულობდი მონაწილეობას. ასევე, სპორტით ვიყავი დაკავებული. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. 15 წლის ასაკში, ტრავმვის შედეგად, ორივე თვალში სინათლე დავკარგე. მეგონა რომ ყველაფერი დამრთავდა ჩემთვის, მაგრამ არა, ცოტა დრო რომ გავიდა, შევეჩვიე ყველაფერს. ეს მეგობრების, ნათესავების, ახლობლების დამსახურებით რა თქმა უნდა. დღესდღეობით არ ვფიქრობ იმაზე, რაც შემემთხვა და ვარ კარგად. ცხოვრება მშვენიერია თუ თვითონ გავიხალისებთ. ყოველი ხვალინდელი დღის მიმართ უნდა ვიყოთ პოზიტიურად და იმედიანად განწყობილები.

ფონდი „ქველმქმედი 2015“ -ისა და „არტ-გალერეა 34“ -ის ერთწლიანმა პროექტმა, მე და მაკას საშუალება მოგვცა ხელოვნების სფეროში ჩვენი შესაძლებლობები გამოგვევლინა. შევისწავლეთ სხვადასვა აქსესუარის და ლამაზი ნივთის დამზადება. იმდენად მონდომებულები ვიყავით, რასაც ხელი მოვკიდეთ ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. პროექტის ორგანიზატორებმა, ჩვენი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა-გაყიდვაც მოაწყვეს, სადაც თითქმის ყველა ნივთი გაიყიდა. ძალიან მინდა ფოთში გაიხსნას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური დაწესებულება, სადაც შევძლებდით დასაქმებას და თავის რეალიზებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...