“როცა პრემიერს პირში წყალი გაქვს ჩაგუბებული, ვერავის დააჯერებ, შენში გონიერი ლიდერი დაინახონ”

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" წევრის დანიშვნა, გულისხმობს, რომ ხელისუფლება სასამართლოს გაკონტროლებას სცდილობს. ვასილ მაღლაფერიძეს "ქართული ოცნების" აქტივისტად მიიჩნევს, მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელად დანიშნვნა კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის სიტყვის თავისუფლება ღირებული არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძს განცხადება კი, საპრეზიდენტო არჩევნების სწესთან დაკავშირებით, გულისხმობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა პატივს არ სცემს დემოკრატიულ ღირებულებებს.

მელაშვილი ამბობს, რომ როდესაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ამით პრემიერი ვერავის დააჯერებს, რომ ის გონიერი ლიდერია. 

"როცა შენი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს და შენს ერთ-ერთ პოლიტიკურ ლიდერს, რაც არ უნდა დარწმუნებული იყო მის პროფესიონალიზმსა და მიუკერძოებლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნავ, ვერავის დაარწმუნებ, რომ ეს პოლიტიკური დანიშვნა არ არის, რომ ამ ნაბიჯით მმართველი პოლიტიკური ძალა – ხელისუფლება სასამართლოს გაკონტროლებას არ ცდილობს და მის დამოუკიდებლობასა თუ ავტორიტეტს ძირს არ უთხრი. 

როცა შენს პოლიტიკურ აქტივისტს, რაც არ უნდა კარგ მედია მენეჯერად თვლიდე მას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად დანიშნავ, რომელიც ახალ თანამდეობაზე საქმიანობა იმით იწყებს, რომ საარჩევნო წელს პოლიტიკური თოქ შოუების შეჩერების გეგმას გამოაცხადებს, ვერავის დაარწმუნებ, რომ მედიაპლურალიზმი თუ სიტყვის თავისუფლება შენთვის მართლა ღირებულია და როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა – ხელისუფლება მის დაცვას აპირებ.

როცა შენი ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ, თურმე, შესაძლებელია ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის მოდელი იმის მიხედვით შეიცვალოს, თუ რა განცხდებებს აკეთებს პრეზიდენტი,(!!!) ვერავის დაუმტკიცებ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა – ხელისუფლება ჭკუით, პასუხისმგებლობით ეკიდები შენს ფუნქციებს, პატივს სცემ პოლიტიკურ პლურალიზმსა თუ დემოკრატიულ ღირებულებებს და აპირებ მათ დაცვას.

როცა მმართველი პარტიის პოლიტიკურ ლიდერს, პრემიერ-მინისტრს ამ მოვლენებზე პირში წყალი გაქვს ჩაგუბებული, კომენტარსაც არ თუ ვერ აკეთებ და საერთოდ ისე იქცევი, თითქოს ეს ყველაფერი შენ არ გეხება, ვერავის დააჯერებ, რომ შენში დაინახონ ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალის – ხელისუფლების ხელმძღვანელი, ძლიერი, გონიერი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ლიდერი, რომელსაც აქვს უნარი არ დაუშვას ქვეყნის და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარება. 

ჰოდა გადახედეთ ამ ერთიან პოლიტიკურ კონტექსტს და ნუღარ გიკვირთ, თუ ასეთი „ჭკვიანური“, „სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალული“ გადაწყვეტილებების, განცხადებების, ქმედებების თუ უმოქმედობის ფონზე აღარ გიჯერებენ, რომ სასამართლო აპოლიტიკურია, რომ ამ სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“ -ის დაყაჩაღებული დამფუძნებელისა და ქიბარ ხალვაშისათვის წართემული ტელევიზიის დაბრუნება მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორებაა და არაფერი აქვს საერთო პოლიტიკური პლურალიზმის, სიტყვის თავისუფლების, თუ მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვის სურვილთან", – წერს ირაკლი მელაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად