“როცა ბასილაშვილი იგებს, ყველას ვეუბნები, რომ ის ჩემი სამშობლოდანაა” – წარმატებული ქართველები პარიზში

საინფორმაციო საშუალებები ევროპაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებზე ძირითადად ნეგატიურ ამბებს აშუქებენ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხვა ქვეყანაში ჩასული ქართველები მასპინძლებს მძიმე ტვირთად აწევთ. თუმცა, პარიზში ყოფნისას, არაერთ ქართველს შევხვდით, რომლებიც ძალიან წარმატებულად მოღვაწეობენ როგორც სპორტში, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით და ბიზნესშიც. საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ექიმებსა და ბიზნესემნებზე ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიებს. ახლა კი 14 წლის ქართველ ჩოგბურთელზე მოგიყვებით.

ნინო გოგეიშვილი, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს, მეგობრებს და მასწავლებლებს თავისი სამშობლოს შესახებ ბევრს უყვება. ნინოს სკოლაში კიდევ ბევრი რამის გამო იცნობენ, ერთ-ერთი სპორტში მიღწეული წარმატებებია.

14 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნინო გოგეიშვილი უკვე 9 წელია საფრანგეთში ცხოვრობს, ვარჯიშობს და პროფესიონალურ დონეზეც გამოდის.

კარიერის მანძილზე ნინომ ქალაქ პორტო კომოს საკლუბო ტურნირი 5-ჯერ მოიგო. რამდენიმე ხნის წინ. რამდენიმე თვის წინ გამართულ ერთ-ერთ რეგიონულ გათამაშებაში ნახევარ ფინალამდე მივიდა და სარეიტინგო ქულები მიიღო, რეიტინგში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ერთი თვის წინ კი, 95-ე რეგიონის ტურნირზე პირველი ადგილი აიღო.ახლა კიდევ ერთი ახალი ტურნირისთვის ემზადება.


როგორც ნინო “აიპრესს” უყვება, ჯერ კიდევ პატარა, ჩოგბურთს ტელევიზორში უყურებდა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ ეს ის სპორტი იყო, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლიდა.

„მშობლებმა შეატყვეს რომ მომწონდა და შემიყვანეს მაშინვე, უკვე მ-9 წელია ამ სპორტზე დავდივარ და ბლომენინის კლუბში ვვარჯიშობ. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს და ძალიან მონდომებულები. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ყველას გვეხმარებიან და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ კარგად გამოვიდეთ შეჯიბრებებზე.

– რითია ეს კლუბი ცნობილი?

-საფრანგეთის 26-ე ჩოგანი ჩვენს კლუბშია და გვყავს მსოფლიო ჩემპიონები 11-12 წლის კატეგორიებში. ყველა კატეგორიაში წარმატებული მოთამაშეები გვყავს.

– მოდი ახლა შენზე ვისაუბროთ, შენი რეიტინგი როგორია?

– მე რეიტინგებში ვარ 33-ე ადგილას 14 წლიანებში. რეგიონალურ ტურნირებზე გამოვდივარ და არაერთხელ მოგვიგია. ჯილდო ძალიან ბევრი მაქვს. პედაგოგები ამბობენ, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია და მეც ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. პედაგოგები აქ ყველას ხელს უწყობენ, თავიანთ პროგრამას უკეთებენ ყველას და ინდივიდუალურად გავდივართ მომზადებას. ახლა 93-ე რეგიონის ტურნირისთვის ვემზადები და ვნახოთ, რა იქნება.

– როგორ ფიქრობ, გააუმჯობესებ ამ ტურნირის შემდეგ შენს რეიტინგს?

– ვფიქრობ, რომ შევძლებ.

– ახლა ყველაზე მთავარი კითხვა მინდა დაგისვა, საფრანგეთის სახელით აპირებ მომავალში გამოსვლას, თუ საქართველოს სახელით?

– კარგი შეკითხვა იყო… მე საქართველოს სახელით გამოვალ, აუცილებლად…მაგრამ საფრანგეთი ძალიან მიყვარს, აქ დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს.

– საფრანგეთში თუ იციან საქართველოს შესახებ? უყვები ხოლმე შენ?

– დიახ, იცნობენ, რა თქმა უნდა. ყველამ იცის ნიკოლოზ ბასილაშვილი ვინ არის და როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი იგებს, მივდივარ და ყველას ვეუბნები, რომ ის ქართველია…

– უახლოეს პერიოდში რომელი ტურნირისთვის ემზადები?

– აგვისტოს ბოლოს მაქვს ტურნირი პარიზში და მაგისთვის ვემზადები. ძალიან მონდომებული ვარ და ვნახოთ. 95-ე რეგიონის ტურნირი მოვიგე, პირველ ადგილზე გავედი და კიდევ უფრო მეტად ვარ მონდომებული ახლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...