როტერდამში, ლოკდაუნის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ იარაღი გამოიყენა (ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი)

ნიდერლანდების მთავრობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი ლოკდაუნის მოწინააღმდეგეებმა მორიგი საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს

როტერდამში, ნიდერლანდების ხელისუფლების მიერ ნაწილობრივი ლოკდაუნის საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ნიდერლანდური პორტალების ცნობით, ასეულობით აგრესიული დემონსტრანტის ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან განდევნის დროს პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და არაერთ გამაფრთხილებელ გასროლასთან ერთად მიზანმიმართული სროლაც განახორციელა.

პორტალ telegraaf. nl-ის თქმით არეულობის დროს 7 კაცი დაშავდა. დაკავებულია არანაკლებ 20 დემონსტრანტი.

პოლიციელთა პროფკავშირების პრეზიდენტ გერიტ ვან დე კამპის თქმით, სიტუაცია ძალიან საშიში იყო და გამორიცხული არაა, რომ პოლიციას თავდაცვის მიზნით ესროლა. „ეს უწესრიგობა კი არა, ექსტრემიზმია. ეს არაა ნორმალური”, – ამბობს იგი.

ის საშინელი სურათები, რაც უამრავმა ადამიანმა იხილა, არის არა მშვიდობიან დემონსტრანტთა, არამედ მეამბოხე ნაძირლების და მათთან ერთად მყოფი დოყლაპიების ნახელავი – ამბობს ნიდერლანდების პოლიციელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კოენ სიმერსი.

როტერდამის მერმა აჰმედ აბტალებმა მომხდარი შეაფასა როგორც „ძალადობის ორგია”.

ზუსტი ცნობები დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. ნიდერლანდების პოლიცია აცხადებს, რომ დანამდვილებით ცნობილია ორი დაჭრილის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არ შეუძლიათ თქვან, ვისგან და რა ვითარებაში არიან ისინი დაჭრილები.

კომენტარები
იტვირთება...