„რონალდო იდიოტია, კასილასი და რაული – თაღლითები“ – ფლორენტინო პერესს სკანდალური ფარული ჩანაწერები გაუვრცელეს

“რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ფარული ჩანაწერები გაუვრცელეს, რომლის ნაწილი 2006 წელს არის ჩაწერილი, ხოლო ნაწილი 2012 წელს. ჩანაწერებში პერესი რონალდოს, რაულს, კასილასს, მოურინიოსა და დელ ბოსკეს ლანძღავს.

ესპანურმა გამოცემამ elconfidencial-მა გაავრცელა მისი სიტყვები, სადაც ის დელ ბოსკეზე ამბობს:

“დელ ბოსკემ არ იცის როგორ უნდა ავარჯიშოს ფეხბურთელები. მას ასევე არ აქვს ტაქტიკა. ის საკმაოდ უცნაური ადამიანია. ბოსკეს სამსახურს არავინ სთავაზობს, რადგან იციან, რომ ის მწვრთნელი არ არის. დელ ბოსკე ყველაზე დიდი ტყუილია, რომელიც ცხოვრებაში მინახავს”, – ამბობს პერესი ჩანაწერში.

იქამდე მან კასილასისა და რაულის შესახებ თქვა:

“იკერი ჩვენი დიდი კრახია და ხედავთ რა ხდება? მას აღმერთებენ, უყვართ და მის შესახებ საუბრობენ. ვიცი, რომ ისინი კასილიასს მთელი ძალით იცავენ. ეს ერთ-ერთი უდიდესი თაღლითობაა, მეორე კი რაულია. რეალის ისტორიაში ორი უდიდესი თაღლითი. პირველი – რაული, მეორე – კასილიასი”, – ციტირებს მის სიტყვებს ესპანური გამოცემა.

ის რონალდოს შესახებაც საუბრობს და მას “იდიოტი” უწოდა:

“რონალდუ გიჟია. კრიშტიანუ იდიოტია და ავადმყოფი ბიჭია. თქვენ ფიქრობთ, რომ ის ნორმალურია, მაგრამ ის ნორმალური არაა. ასე რომ არ იყოს, ვერ გააკეთებდა იმ ყველაფერს, რასაც აკეთებს. მისი ბოლო სისულელე მთელმა მსოფლიომ ნახა. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს ასეთ სისულელეებს?” – ამბობს “რეალის” პრეზიდენტი.

ფლორენტინო პერესი ფაქტს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისი ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს. პერესი ამას სუპერ ლიგის შექმნას უკავშირებს, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თავადაც იყო.

“საქმე ადვოკატს გადავეცი, რომელიც იკვლევს, კონკრეტულ ვითარებაში რა ქმედებების განხორციელება შეგვიძლია”, – აღნიშნა ფლორენტინო პერესმა.

 

კომენტარები
იტვირთება...