რომის პაპმა სასულიერო პირებს პედოფილიის ფაქტის გამჟღავნება მოსთხოვა

რომის პაპმა ფრანცისკემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, კათოლიკე მღვდლებმა მათი კოლეგების მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის თაობაზე ვატიკანს უნდა აცნობონ. ბრძანება ვატიკანის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ან დაზარალდნენ, ვატიკანისგან დახმარებას მიიღებენ.

მანამდე, რომის პაპმა კარდინალი რიკარდო ესატი ანდრელო გაათავისუფლა, რომელიც სასულიერო პირების შესახებ მიმდინარე გამოძიებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო. როგორც გაირკვა, კარდინალი სასულიერო პირების მხრიდან ჩადენილი პედოფილიის შესახებ ინფორმირებული იყო, მაგრამ დანაშაულს წლების განმავლობაში მალავდა.

ამა წლის 6 თებერვალს, რომის პაპმა ფრანცისკემ არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩატარებული მესის შემდეგ, რომში დაბრუნების წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, აღიარა წინამძღვრების და კათოლიკე იერარქების მხრიდან მონაზონთა შემბღალველი, მათ შორის სექსუალური ხასიათის შემთხვევების არსებობა.

“ჩემმა წინამორბედმა, ბენედიქტე XVI-მ გამოიჩინა “ძლიერი ადამიანის სიმამაცე და სიმტკიცე” და პრობლემასთან ბრძოლა დაიწყო. მე მსურს განვაგრძო მის მიერ დაწყებული საქმე. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ კონგრეგაციებში ასეთი ფაქტები ხდება, ჩამოვიშორეთ კიდევაც ასეთი დანაშაულებისთვის კლირიკები (ეკლესიის მსახური), ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემაზე მუშაობა – განაცხადა ფრანცისკემ.

მან აღიარა, რომ არის ისეთი კონგრეგაციები, რომლებშიც დამაარსებლებს ქალები ეკონომიკურად და სექსუალურად ჰყავთ დამონებული.

ფრანცისკეს აღიარებამდე რამდენიმე დღით ადრე, 1 თებერვალს, ვატიკანში იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენაზე გამომავალი ჟურნალი Women Church World გმობდა მღვდელთმსახურთა მხრიდან მონაზვნების მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მონაზვნების მიერ აბორტის კეთების ან მშობიარობის შემდეგ ბავშვის მამობაზე უარის თქმის შემთხვევებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად