რომელი შეზღუდვები მსუბუქდება და რჩება ძალაში 24 დეკემბრიდან

24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით, შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება:

ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;

ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;

ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;

24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები;

გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;

მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით;
მაღაზიის ფართის ყოველ 20მ² დაიშვება არა უმეტეს ერთი მომხმარებელი;

მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები
გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;

ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;

ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ;

სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;

ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;

აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;

ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება;

დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა;

სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი;

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე;

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში.

„მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე.

ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი.

მხოლოდ დღეს ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 3 064 შემთხვევა, საავადმყოფოებში მკურნალობს 6 358 მოქალაქე. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...