რომან რურუა: ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმში ძირითადად უვიცი ხალხია

რომან რურუა ზურა დათუნაშვილს ურჩევს, რომ არ დაყაროს ფარ-ხმალი და იბრძოლოს.

მოჭიდავეებისთვის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი არის იგივე, რაც ხალხისთვის პარლამენტი და ამ დროს “მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს, ამ ცნობილ ხალხს, რომლებმაც იციან ჭიდაობა, 20% აქვთ დათმობილი 100 %-ში, დანარჩენი უვიცი ხალხია გარშემო”, – განაცხადა მედიაცენტრში “მთავარი” ევროპის ორგზის ჩემპიონ, ორი ოლიმპიადის მონაწილე, ზურა დათუნაშვილს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძის გარშემო არსებული სიტუაციის კომენტირებისას კლასიკურ ჭიდაობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა და მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანმა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრმამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა რომან რურუამ

შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონატის დროს, სპორტის სასახლეში რობერტ კობლიაშვილსა და ზურა დათუნაშვილს შორის შეხვედრის დროს მოჭიდავეებს ტექნიკური ილეთი არ ჩაუტარებიათ, ანგარიშზე 1:1, მაშინ, როდესაც შეხვედრის დამთავრებამდე 58 წამი რჩებოდა და კომენტატორების აზრით, დათუნაშვილი უფრო აქტიურობდა, კობლიაშვილს მისცეს ქულა. ამის შემდეგ დათუნაშვილი კიდევ უფრო აქტიურად შეეცადა შეხვედრის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალებას, მაგრამ კობლიაშვილი თავს კარგად იცავდა. შეხვედრის დამთავრებამდე დაახლოებით 15 წამით ადრე დათუნაშვილი მსაჯების მაგიდასთან მიიჭრა და მეტოქის პასიურობის გამო დაუსჯელობა გააპროტესტა. დათუნაშვილის მსაჯებთან მივარდნის და პროტესტის გაცხადების დროს საათი არ გაჩერებულა, ტაბლოზე დროის ათვლა გრძელდებოდა შემდეგ პროტესტი მოჭიდავეების გულშემატკივრებს შორის ჩხუბში გადაიზარდა და მასში საბოლოოდ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელიც აღმოჩნდა ჩარეული. დეტალები იმის შესახებ, თუ ვინ ვის რა უთხრა, ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა – უცნობია, ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დათუნაშვილზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები კი სპორტის მოყვარულთა მრავალრიცხოვანმა არმიამ იხილა.

ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, დათუნაშვილი მოითხოვს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გეგეშიძის გადადგომას და წინააღმდეგ შემთხვევაში მოჭიდავის კარიერის გაგრძელებას შეუძლებლად მიიჩნევს. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრთა დიდმა ნაწილმა გეგეშიძის წინასწარ პატიმრობაში აყვანის დროს შეკრება მიატოვა და ფედერაციის პრეზიდენტის განთავისუფლება მოითხოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ კონფლიქტი “ოჯახში” უნდა იქ ყოფილიყო განხილული, მის შესახებ ფართო საზოგადოებას არ უნდა შეეტყო და მასში სამართალდამცავი ორგანოები არ უნდა ჩარეულიყვნენ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმში, რომლის თავმჯდომარეც თამაზ (გეგა) გეგეშიძე, ხოლო მოადგილე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა (რომლის დაცვის უფროსიც მინისტრობის დროს იყო თამაზ გეგეშიძე) სულ 36 წევრია (ყრილობის მიერ არჩეულმა კიდევ ერთმა წევრმა, რევაზ მინდორაშვილმა, მოგვიანებით წერილობით განაცხადა უარის პრეზიდიუმში ყოფნაზე) და მათ შორის  ცნობილი მოჭიდავეები უმცირესობაში კი არიან, თუმცა არც ისე ცოტანი არიან.

თამაზ გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად ჭიდაობის ფედერაციის ყრილობაზე აირჩიეს 2016 წლის დეკემბრში. ყრილობამ ცვლოლება შეიტანა ფედერაციის ჭიდაობის ფედერაციის წესდებაში და ფედერაციის პრეზიდიუმის შემადგენლობა 37 კაცის შემადგენლობით განსაზღვრა. ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმის 15 წევრი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის სახით (ლევან თედიაშვილი, რომან რურუა, დავით გობეჯიშვილი, ლერი ხაბელოვი, ვახტანგ ბლაგიძე, მანუჩარ კვირკველია, როსტომ აბაშიძე, გურამ საღარაძე, თემურ აფხაზავა, ელდარ კურტანიძე, ზარბეგ ბერიაშვილი, მიხეილ სალაძე, თემო ყაზარაშვილი, მუხრან ვახტანგაძე, რევაზ მინდორაშვილი). შეიყვანა წევრებად რეგიონების წარმომადგენელები – 12 კაცი და პრეზიდენტის მიერ დასახელებული 10 კაცი (თავად პრეზიდენტის ჩათვლით).

მოგვიანებით რამაზ მინდორაშვილმა უარი განაცხადა ფედერაციის პრეზიდიუმის წევრობაზე და ამჟამად პრეზიდიუმში 14 ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია, სხვა 22 წევრს შორის კი არიან სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი მოჭიდავეები გენადი ჩხაიძე, ესტატე გოგლიჩიძე, თამაზ ნაჭავარიანი… ყოფილი მოჭიდავები არიან თავად თამაზ (გეგა) გეგეშიძე და თამაზ გეგეშიძე უფროსი (პრეზიდიუმის წევრი და ვიცე პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე და პრეზიდიუმის წევრი 2016 წლის დეკემბრიდან) შოთა ბილანიშვილი, ამაზ გველუკაშვილი, დიმიტრი გელაშვილი…

ძალადობის ბრალდებით დაკავებული თამაზ (გეგა) გეგეშიძე სასამართლომ გირაოთი გაანთავისუფლა და პროკურატურის მოთხოვნ მისთვის თანამდებობრივი უფლების შეზღუდვის შესახებ არ გაიზიარა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს თამაზ (გეგა) გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლება არ აქვს. მას 2/3-ის გადაწყვეტილებით შეუძლია ფედერაციის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების მხოლოდ 30 კალენდარული დღით შეჩერება. ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენება მხოლოდ ყრილობას შეუძლია, ყრილობა კი 2020 დეკემბრამდე მხოლოდ რიგგარეშე, პრეზიდიუმის წევრების მინიმუმ 50%-ის მოთხოვნით შეიძლება იქნას მოწვეული.

ფედერაციის პრეზიდიუმმა მისთვის ყრილობისგან ერთჯერადად მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და წესდება შეცვალა, მათ შორის, პარლამენტის მიერ 2016 წელს “სპორტის შესახებ” კანონში შეტანილი ცვილებების მოთხოვნის გათვალისწინებით შეცვალა. ახალი წესდების თანახმად “ყრილობა, როგორც წესი ტარდება ფედერაციის წევრების: ვეტერანი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების, დამსახურებული მსაჯების, მწვრთნელების და სპორტული ორგანიზაციების (კლუბები, აიპი) წარმომადგენელთა მონაწილეობით. ყრილობის დელეგატთა შემადგენლობისა და რაოდენობას განსაზღვრავს ფედერაციის პრეზიდიუმი. ყრილობის დელეგატთა არანაკლებ სამ მეოთხედს წარმოადგენენ სპორტული ორგანიზაციები.”

წედების მიხედვით, მომავალი ყრილობის მიერ არჩეული ფედერაციის პრეზიდიუმში 15-დან 21-მდე კაცი იქნება და მათგან 1/3-ს ყრილობა აირჩევს, 2/3 კი პრეზიდენტი შეარჩევს.

სიტყვებით: “მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს, ამ ცნობილ ხალხს, რომლებმაც იციან ჭიდაობა, 20% აქვთ დათმობილი 100 %-ში, დანარჩენი უვიცი ხალხია გარშემო” სწორედ ახალი კანონის მოთხოვნები და ამ მოთხოვნის შესაბამისად წესდებაში შეტანილი ცვლილებები, შესაძლოა, ზედმეტად ემოციურად, გააპროტესტა რომან რურუამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...