რომან კაკულია: არ მინდა მთავრობის თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი წარმომადგენელი ვიყო (ინტერვიუ)

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს ეკონიმიკური ვითარების იმგავარად გაჯანსარებისთვის, რომ ლარის კურსი არ გაუფასურდეს და მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და ამაზე ზოგადი ეკონომიკური ვითარება ახდენს გავლენას, მათ შორის საგარეო პოლიტიკაც არ მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად.

ამის შესახებ რომან კაკულიამ „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია, თუმცა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციები არ არის იმ ვითარებაში, რომ ეს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე აისახოს. დეპუტატი აქვე ამბობს, რომ საზოგადობას გადამეტებული სიმშვიდისკენ ვერ მოუწოდებს და ტრაფარეტულ განცხადებებს ვერ გააკეთებს, რაზეც შემდეგ მოსახლეობასთან პასუხისგება მოუწევს.

ლარის კურსი გუშინ ისევ გაუფასურდა. რით შეგიძლიათ დაამშვიდოთ მოსახლეობა? ხომ არ არის საფრთხე, რომ ისევ იგივე განმეორდეს, რაც წინა წლებში გვქონდა, როცა ზამთრის პერიოდში ლარის კურსი უკონტროლო ხდებოდა? აქვე გკითხავთ, ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და რაში ხედავთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან?

როცა ერთი და იგივე საკითხი რამდენიმე თვეში დგება, პასუხები სხვადასხვა არ იქნება. სათითაოდ რომ მივყვეთ თქვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, საგანგაშოს მე ვერაფერს ვხედავ. ათასჯერ ვთქვით და ათასმეერთედაც შეიძლება ვთქვათ, რომ მცურავი კურსია ჩვენთან და ეს არის პრინციპი ჩვენი ეკონომიკის. პროგნოზირებადობა რაც შესაძლებელია იმ ფარგლებში მე ვერ ვხედავ, რომ ძალიან დიდი ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ამას.

თუმცა, ჩვენ შევდივართ იმ პერიოდში, როდესაც სავალუტო რესურსების შემოდინების ნაკლებობაა ხოლმე. ტურისტების კლება ხდება ოქტომბრისთვის, რაც რეგიონალურია. გადმორიცხვებსაც ეტყობა ხოლმე, ეს ბუნებრივი პროცესია და ეს არ არის კატასტროფული მოვლენა.

მე საერთოდ ვურჩევდი ყველას, რომ სანამ არ დადგება ისეთი მომენტი, რომ მართლა იქნება შეშფოთების საფუძველი… კომენტარების გაკეთებით ახალს ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის განვითარების ტენდენციები დადებითია, მაგრამ ეს ვერ არის იმდენად დადებითი, რომ ამან ასახვა ჰპოვოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილზე. ეს არის ჩვენი მოცემულობა. ასეთ პატარა ინტერვიუში მეტის თქმა გამიჭირდება. ასეთ მოკლე ჩართვებში ვრცელი ანალიზის გაკეთება შეუძლებელია.

კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან არ გქონიათ?

ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან და თავისთავად ცხადია ჩვენ ერთად ვაანალიზებთ იმ ტენდენციებს, რომელთანაც საქმე გვაქვს.

არ ფიქრობთ, რომ საჭიროა ეროვნული ბანკის წარმომადგენლები გამოვიდნენ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე? თუნდაც იმიტომ რომ არ იყოს საზოგადოებაში აჟიოტაჟი, რაც შემდეგ ახდენს გავლენას ვითარებაზე?

აჟიოტაჟს ბევრი მიზეზი აქვს ჩვენ ქვეყანაში. არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ოღონდ რამე მიზეზი გამოჩნდეს და რა თქმა უნდა აჟიოტაჟს აწევენ. ჩემი აზრით, ყოველი თეთრის ცვლილებაზე ეროვნული ბანკი არ უნდა კეთებდეს კომენტარებს. ის მაშინ გააკეთებს კომენტარს, როცა საჭიროდ ჩათვლის რომ კომენტარი გასაკეთებელია. ჯერჯერობით მას არ დაურღვევია პრინციპი. შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ ხარვეზები მის მუშაობაში და არავინ არის სრულყოფილების განსახიერება. ჩვენი ეკონომიკის პირობებში, არცერთი ინსტიტუციაა ასეთი, მაგრამ სებ-ი ცუდად არ მუშაობს. მე ვერ ვიტყვი, რომ რაც ხდება მაშინვე უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ამის საჭიროება დადგება, პირველი ვიქნები, ვინც მას ამისკენ მოუწოდებს.

მხოლოდ გუშინდელ ვითარებას არ ვგულისხმობ. გვახსოვს 2-3 კვირის წინ დაიწყო ლარის გაუფასურების ტენდენცია და ეროვნული ბანკს 4-5 დღის განმავლობაში განცხადება არ გაუკეთებია… შემდეგ კი დაიწყო შედარებით დასტაბილურება, მაგრამ ვალუტის მხრივ იმ რთულ დღეებში მას განცხადება არ გაუკეთებია…

კი, მაგრამ მერე დასტაბილურებისკენ წავიდა. ჩვენ გვქონდა შიდა კომუნიკაცია და იქ ჩანდა ვითარება და ამიტომ არ გაკეთდა ეს. შეკითხვის არსი თუ იმაშია, რომ ის ყოველ ცვლილებაზე უნდა აკეთებდეს კომენტარს, შეიძლება აკეთებდეს კიდეც, მაგრამ მე ამას არ ვთვლი დიდად უარყოფით მოვლენად. ამ წუთას ჩემი აზრით, კომენტარის გაკეთების საჭიროება მისი მხრიდან არ იყო.

ანუ თქვენ ამბობთ, რომ მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს და ამ ეტაპზე განსაკუთრებული არაფერი ხდება?

ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შვეიცარია არ ვართ, ჩვენ ვართ ძალიან მოწყვლადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ყველას უნდა, ჰქონდეს სიმშვიდე და ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც შემდეგ მაქსიმალურ სიმშვიდეს მიიღებდა, მაგრამ არ მაქვს სურვილი მოსახლეობა შეცდომაში შევიყვანო და გადამეტებული სიმშვიდის მოწოდება გავაკეთო მოსახლეობისათვის, მაგრამ იმ განზომილებაში და იმ რეალობაში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არ არის საგანგაშო.

ჩვენთვის საგანგაშო სხვა პარამეტრებშია, შვეიცარიელებისთვის სხვა პარამეტრებშია, ამერიკელებისთვის სხვა პარამეტრებშია. ჩვენ რა პარამეტრებშიც ვცხოვრობთ, ეს არ არის საგანგაშო.

თქვენ ამბობთ, რომ ეკონომიკის მცურავი კურსი გვაქვს. ეს მგონი ყველამ გაიგო, მაგრამ ეს არ არის დამამშვიდებელი საზოგადოებისთვის. ხალხს აინტერესებს, რა კეთდება, რა ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ აღარ იყოს ლარის ვარდნის მკვეთრი ტენდენცია და ნაბიჯ-ნაბიჯ შეიცვალოს ვითარება და ყოველ წელს ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე არ დავდგეთ…

ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენ ისეთ შეკითხვას მისვამთ, რასაც უნდა ერთსაათიანი ამომწურავი ლექცია. სატელეფონო ჩართვით მოსახლეობა გავარკვიო რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკის განვითარებისთვის… მაპატიეთ, მაგრამ ასეთ ფორმატში ეს რთულია. რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში, რომ მოსახლეობა იყოს მშვიდად, ამაზე მომიწვიეთ პირდაპირ ეთერში და ვისაუბროთ.

სიმართლე გითხრათ, სულ მაგას ვწუხვარ, რომ ყველაფერზე ლაპარაკობენ მაგის გარდა. სამწუხაროდ ტელევიზიები ვერ იცლიან ამ თემისთვის.

სამწუხაროდ მე არ ვარ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუს წამყვანი, თორემ აუცილებლად გავაკეთებდი ამას…

სამწუხაროდ ყველაფერზე ლაპარაკობენ ამის გარდა. თქვენ დასვით კარგი შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემისთვისაც ვეძებ ხოლმე 1-2 წუთს, რომ როგორმე სადმე ჩავაკვეხო სხვადასხვა გადაცემებში. ზოგადად აზრი ჩამოვაყალიბო. იმიტომ, რომ ეკონომიკა ჩვენ შემთხვევაში მშენებლობასავით არის, რომელსაც აქვს ფუნდამენტი, კედლები, გადახურვა, დიზაინი… ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ეტაპზეა ჩვენი ეკონომიკის მშენებლობა. როცა სახლს აშენებ და კედლების მშენებლობის პროცესში ხარ, ვიღაცამ მოგთხოვოს რომ რატომ არ არის დიზაინი წარდგენილი ხომ არ არის სწორი?! უნდა შევთანხმდეთ რას ვაშენებთ, ამ ეტაპზე სად ვართ და რამდენად არის გადადგმული ნაბიჯები სწორედ იქიდან გამომდინარე სადაც შეიძლებოდა ვყოფილიყავით სწორედ განვითარების ამ ეტაპზე. დამეთანხმეთ ასეთ დეტალებში ძნელია საუბარი თუ ცოტა ფართოდ არ ვისაუბრეთ. რატომ მიდის და მოდის ლარი, მთელი რიგი ფაქტორებია. ინფლაციას ვერავინ ვერ იჭერს.

მაშინ მხოლოდ ერთი ფრაზა უთხარით ჩვენს მკითხველს, იდგმება თუ არა კონკრეტული ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობა ისეთი სიმწვავის წინაშე აღარ დადგეს, რაც ლარის გაუფასურებით ხდება?

იმ ნაწილში რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იდგმება. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენი ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით მოწყვლადია, ვიდრე ეს ნაბიჯები მთელი თავისი ეფექტურობითაც კი შეძლებს რომ ის გამოასწოროს.

აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, იდგმება თუ არა ეს ნაბიჯები, არამედ საუბარი იმაზეა, რა არის ის მაქსიმუმი რისი გაკეთებაც დღეს მთავრობას შეეძლო. ეს მაქსიმუმი რომც გაკეთდეს ის როგორ აისახებოდა იმ ზოგად ვითარებაზე, რაც ჩვენ გვაქვს. აქ არის ზუსტად პრობლემა. ჩვენ მაქსიმუმიც რომ გავაკეთოთ ყოველდღიურ ქმედებაში, რეგიონალური პრობლემებისა და ჩვენი ეკონომიკის გათვალისწინებით, საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით მაინც არ არის საკმარისი. თქვენ ხანდახან არ აკვირდებით, რომ საგარეო პოლიტიკა არ მუშაობს ჩვენზე დადებითად. ჩვენ რაღაც მისწრაფებები გვაქვს, გასაგებია, მაგრამ შეხედეთ ინვესტორის თვალით რა გარემოცვაში ვცხოვრობთ, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით. ჩვენ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ გადასარევი გადასახადები გვაქვს და ისეთი ბიზნესგარემო, რომლითაც კონკურენციაში შევალთ ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვა უნდა. ეს პროცესები ჰგავს როდესაც შენ გინდა რომ რაღაც მცენარე მოიყვანო, მაგრამ მას რამდენიმე კომპონენტი სჭირდება. სასუქი, მიწა, წყალი და ა. შ. მაგრამ თუ ამას ჩარგავ ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და ყველა სასუქს გაუკეთებ, მაინც არ მოვა. ეს გარემო და ის საგარეო პოლიტიკა სწორედ იმ ჰავას ქმნის, რაზეც ინვესტორები უნდა მოვიდნენ.

თქვენ მაინც შემიყვანეთ ისეთ საუბარში, რაც ასეთ მოკლე საუბარში ვერ გამოვა. ძალიან ფართოა ეს სპექტრი და ამაზე პასუხი კი ან არა, არ გამოვა. რა თქმა უნდა, ვაკეთებთ, ვინ გეტყვით რომ არ ვაკეთებთ, მაგრამ არც ის მინდა ამ მთავრობის თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი წარმომადგენელი ვიყო. არც ის მინდა ტრაფერეტული ფრაზები ვისროლო, რომელზეც საზოგადოებასთან პასუხი უნდა ვაგო 6 თვის და 1 წლის მერე. ვამბობ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის. ამის ბევრი ფაქტორია, ობიექტურია თუ სუბიექტური, ეს მოსახლოებამ უნდა გადაწყვიტოს და არჩევნების დროს გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად