რომან გოცირიძე: “ცენტრ პოინტის” საქმემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უვარგისი სასამართლო გვყავს

"ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლება გვყავს უვარგისი, სასამართლო გვყავს უვარგისი, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონფლიქტების სამართლიანი გზით გადაჭრის მექანიზმი",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, გავაუქმებდით წინასწარ პატიმრობას ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე. გარდა იმისა, რომ იგი არაეფექტიანია და რეპრესიული, ხშირად გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. 

მაია რჩეულიშვილს მიუსაჯეს ოთხი წელი. მან, მძიმე ავადმყოფმა, განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. შედეგი იგივეა, იქნებოდა თუ არა წინასწარ პატიმრობაში. რუსუდან კერვალიშვილს ასევე მიუსაჯეს ოთხი წელი, თუმცა მისთვის წინასწარი პატიმრობა არ იყო შეფარდებული. ერთი შეხედვით სჩანდა, რომ ერთი იყო ხელისუფლების მძევალი და მეორე მისი დახსნის მოტივით გარეთ დატოვებული, პრობლემების მომგვარებელი. კრიმინალური სამყაროს წესებით თუ მივუდგებით. სინამდვილეში ასეც კი არ იყო. მთელი ქონება არის დაყადაღებული, სამოქალაქო დავა არც კი დაუწყიათ დაზარალებულებს და ხელისუფლებას არც კი უფიქრია მათი პრობლემების მოგვარებზე.

ხელისუფლებას დაზარალებულები კი არ აინტერესებდა, არამედ მათი დაშოშმინება, საკუთარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა, რადგან, როდესაც საკითხი ათასობით ადამიანს ეხება, იგი ყოველთვის პოლიტიკურია. იგი არის გამოცდა ხელისუფლებისა და სახელისუფლებო ინსტიტუტების ვარგისიანობაზე. 

ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლება გვყავს უვარგისი, სასამართლო გვყავს უვარგისი, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონფლიქტების სამართლიანი გზით გადაჭრის მექანიზმი. 

ახლა დაზარალებულები მთავრობას მიადგებიან. 

ესეც უსამართლობა იქნება, მაგრამ სამართლიანი ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში",- წერს გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...