რომან გოცირიძე: ტრანსპორტი უნდა აღდგეს მკაცრი კონტროლის ქვეშ და სანქციებსაც არ უნდა მოერიდონ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აღდგეს, რადგანაც სოციალური უსამართლობაა, როცა მხოლოდ ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ გადაადგილება.

როგორ პოლიტიკოსმა “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, ეს უნდა მოხდეს მკაცრი კონტროლის ქვეშ და ვინც წესებს დაარღვევს უნდა დაჯარიმდნენ. ამასთან ის მოსახლეობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

“ტრანსპორტს რაც შეეხება, როცა ტრანსპორტი ჩაკეტილია ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ავტომობილების მფლობელები სარგებლობენ გადაადგილების უფლებით. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ფაქტობრივად შიმშილისათვის არის განწირული. სოციალურადაც უსამართლო გადაწყვეტილებაა. ამიტომ ტრანსპორტი უნდა აღდგეს, მაგრამ მკაცრი კონტროლის ქვეშ და უნდა იყოს შესაბამისი სასჯელიც და ამას არ უნდა მოერიდონ.

მაგალითად მე ხშირად მიწევს ტაქსით მგზავრობა და რამდენჯერაც შევეკითხე მძღოლებს, რომ ჩაიტარა თუ არა გრიპის უფასო აცრა, პასუხი იყო უარყოფითი. კერძო კლინიკებში 80 ლარამდე ღირს, მაგრამ მთავრობა და ჯანდაცვის სტრუქტურები იხვეწება. გამყრელიძემ თქვა, რომ ოთხკომპონენტიანი 20 000-მდე დოზა დღესაც მარაგშიაო. ვისაც მოუწოდებენ არავინ არ მისულა. სამაგიეროდ მათ ფაქტობრივად იძულებით ჩაუტარდებათ ტესტირება 2 კვირაში ერთხელ. როდესაც ნებაყოფლობით ტესტირების გავლა ახლაც შეეძლოთ. მაგრამ ალბათ არავინ არ მივიდა. შესაძლოა ჩემი 4-5 გამოკითხვა არ იყოს სრულყოფილი ინფორმაციის მომტანი, მაგრამ რადგანაც სავალდებულო ტესტირება დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა იყო ამ მიმართულებით. სწორია ეს გადაწყვეტილება.

ლიბერალური მიდგომებით ვერ გავამართლებ იმას, რომ რა კავშირშია ლიცენზიასთან – გაიკეთებს თუ არა მძღოლი ტესტირებასო? კავშირშია. ეხება მათ უსაფრთხოებას, ვინც მათი მომხმარებლები არიან. ამიტომ ოქროს შუალედი უნდა დაიჭიროს ხელისუფლებამ. მეტი რაოდენობით უნდა მოხდეს კონტროლი და ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესებაც უნდა მოხდეს.

როდესაც ბევრი ტესტს არ იკეთებს, მაშინ ღირსია, რომ დაჯარიმდეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლების ლოიალობა საჭირო არ არის. როდესაც არ იკეთებენ ტესტს ან პირბადეს ეს ნიშნავს სხვა ადამიანების დაყენებას რისკის ქვეშ, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ მისი პირადი არჩევანი. ამიტომ სანქციებიც საჭიროა. არ არის რთული პირბადის გაკეთება, ეს პასუხისმგებლობაა”, – გვითხრა რომან გოცირიძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად