რომან გოცირიძე “ქართულ ოცნებაზე”: 4 წელი გავიდა და 12 დეპუტატიდან ათს ხმა არ ამოუღია

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ მხრიდან პროპორციულ საარჩევნო სიაში თემურ აბაზოვის ჩასმა ცინიკური და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა, „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან ისეთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს, რომელთაგან ათი მდუმარე დეპუტატი იყო.

„ზოგს სახეზეც არ ვიცნობ. ოთხი წელი გავიდა და 12 დეპუტატიდან ათს ხმა არ ამოუღია. ამაზე მეტი გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ გვაკვირვებენ. „ქართული ოცნებისგან“ სამარცხვინო, ცინიკური და დამამცირებელი შემოთავაზებაა, რომ პროპორციულ სიაში სვამენ ადამიანს, რომელმაც მოქალაქეს ღირსება შეულახა და არაადამიანურად მოექცა. ისტორია ვიცით, მაშინ თუ რა მოხდა. ეს იქნება საზოგადოების დაცინვა თუ „ქართული ოცნება“ გაბედავს, გათავხედდება და ამ პირს სიაში შეიყვანს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსნებთ, გუშინ მარნეულის ყოფილმა მერმა, თემურ აბაზოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მან “ქართული ოცნების” მხრიდან მმართველი ძალის პროპორციულ სიაში ყოფნასთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღო და დათანხმდა.

თემურ აბაზოვმა თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა. აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას სასამართლოში ედავებოდნენ – 2018 წელს დაკავებულიც იყო, თუმცა სასამართლომ მას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად