რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს სანქციების გამოყენებით დაემუქრა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრს კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მას მინისტრისთვის შეკითხვები წერილობით აქვს გაგზავნილი, რაზეც პასუხი დღემდე არ მიუღია.

რომან გოცირიძის თქმით, მინისტრმა კანონმდებლობა დაირღვა.

“სადეპუტატო შეკითხვით მოგმართეთ. თქვენ ან არ გაგვეცით პასუხი, ან პასუხი გაგვეცით ფორმალურად და გადაგვამისამართეთ სხვაგან. თქვენ დაარღვიეთ კანონი. რეგლამენტის თანახმად, თქვენ ვალდებული ხართ დეპუტატს გასცეთ პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია მოამზადოს რეზოლუციის პროექტი და გამოიყენოს შესაბამისი სანქციები – მიმართოს პრემიერ-მინისტრს, რომ მან გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული შესაძლებლობები” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, ვანო მაჭავარიანის მინისტრობის პირობებში საშინლად იზრდება ბიუროკრატია, გაზრდილია შტატები 2019 და 2018 წელს.

“ძირითადი საშტატო ნუსხა მოცემულია ბიუჯეტში, ხოლო ხელშეკრულებით ადამიანები გადაყვანილია შტატგარეშედ და არავინ იცის რამდენია. თქვენი პასუხი ჩემს კითხვაზე იყო დაცინვა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, შეკითხვებთან მიმართებაში, რომელიც საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას და სავარაუდო კორუფციას ეხებოდა, ფინანსთა მინისტრს ურჩევნია კანონი დაარღვიოს და პასუხები არ გასცეს მათ.

ვანო მაჭავარიანის თქმით, მსგავსი ტყუილი, როგორიც რომან გოცირიძემ თქვა, არც ერთ სხვა ოპოზიციონერს არ უთქვამს.

კომენტარები
იტვირთება...