რომან გოცირიძე: ნიკა მელიას თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება!

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში ყოფილიყო განხილული დამნაშავე გახარიას საკითხი, დასჯილიყო ყველა დამნაშავე და პირველ რიგში გადამდგარიყო, ან სულ მცირე- პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აეღო გახარიას და შემდეგ დაწყებულიყო მისი სისხლის სამართლებრივი დევნა, ახლა დადგეს შოუ და პარასკევს მისი პარლამენტში მოსვლა ამ პრელუდიით იზეიმონ, რაც არ გამოუვათ. ​

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იკვეთება თუ არა ნიკა მელიას მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ “არ იკვეთება”. ​

“ჩვენ ვიცავდით დარბაზს, რომ არ შემოსულიყო პარლამენტში კობახიძე და ის ადამიანები, ვინც რუსი კომუნისტები შემოიყვანა პარლამენტში” – თქვა მან.

შეკითხვაზე, რომ ნიკა მელია ​პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა მომიტინგეებს და ჩანაწერებიც არსებობს, რომან გოცირიძემ განმარტა, რომ ნიკა მელია ითხოვდა სამუშაო გარემოში დაბრუნებას.

“ნიკა მელიას ითხოვდა სამუშაო გარემოში დაბრუნებას. არავითარი მოწოდება არ ყოფილა. იმუნიტეტის ჩამორთმევა პოლიტიკური პარტიის ლიდერისთვის, ნიშნავს, რომ ყველა ზღვარს გადასცდა და ყველა ხაზები გადაკვეთა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. ასეთი გუნდური გადაწყვეტილების მიმღები ხელისუფლება ამთავრებს ძალიან ცუდად. ორი კვირის წინ მათ არ ეგონათ რომ ირაკლი კობახიძე არ იჯდებოდა სავარძელში, ახლაც ჰგონია რომ გახარია შეინარჩუნებს. გავა დრო და არათუ შს მინისტრი არ იქნება, ის გასამართლდება, ნიკა მელიას კი, თავიდან თმაც ვერ ჩამოუცვივდება. ნიკა მელიას თითს ვერ დააკარებენ”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის: გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკა მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...