რომან გოცირიძე: მთავრობისა და მთავრობის მეთაურის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი გაჩნდება

“იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს, მთავრობისა და მთავრობის მეთაურის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი გაჩნდება”.

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, პანდემიის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სავალდებულოა, ხოლო თუკი გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეიზღუდება, ამით კონსტიტუცია დაირღვევა.

„ამ კანონს თუ მიიღებთ, ეპიდემიის არსებობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა აღარასდროს გამოცხადდება. კონსტიტუციით კი პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვალდებულებაა. საგანგებოს არგამოცხადება და უფლებების ისე შეზღუდვა კი, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის საფუძველია. ხვალიდან უკვე იარსებებს პრემიერის, მთავრობასთან ერთად იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ:  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად