რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დასახელება „ქართული ოცნებისთვის“ სიუპრიზიც იყო და შოკიც

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით,  საარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილის ღიად ჩართვა ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მეტი რესურსებისა და ენერგიის მობილიზებას ნიშნავს.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ  „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა სწორედ ამიტომ არის გაღიზიანებული.

„მათი აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები იმაზე მეტყველებს, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს „ქართული ოცნებისთვის“ სიუპრიზიც იყო და შოკიც, რადგან ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა სააკაშვილმა მაღალი პოსტი დაიკავა უკრაინაში და ამ უზარმაზარი სახელმწიფოს განვითარების სათავეში დადგა. მაშინ იფიქრეს, რომ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალს უკრაინას უკავშირებდა, მაგრამ ეს სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა მათთვის დამაბნეველი აღმოჩნდა და ეს მათი კომეტარებიდანაც ჩანს, რომ ამას არ ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი ამაშია და სამომავლოდ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად