რომან გოცირიძე: ​ლარის გაუფასურების შემდეგ დაიწყება ფასების ზრდა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის ვარაუდით, ლარის გაუფასურების შემდეგ ფასების ზრდა დაიწყება.

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ფაქტობრივად ქვეყანას არ ჰყავს მთავრობა და არ ჰყავს ეროვნული ბანკი.

“ეროვნული ბანკი აბსოლუტურად უმაქნისი ორგანოა, რომელსაც არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისათვის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური ლარი. ფასების ზრდაც დაიწყება უკვე ლარის გაუფასურების შემდეგ. არც მთავრობას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი. კვლავ ხარჯავს და ხარჯავს არაეფექტიანად ფულს და დახარჯული ფულის გარკვეული ნაწილი კორუფციის სახით მიდის უკვე ქართული ოცნების ჩინოვნიკების ჯიბეში, რეალურად მოსწრებაზე არიან. 2020 წლამდე უნდათ, ძარცვონ ქვეყანა. შემდეგ რა იქნება, მათ უკვე არ ადარდებთ, იმიტომ, რომ ყველას აქვს ჩემოდანზე მჯდომი ადამიანის განწყობა, ვინაიდან იციან, რომ ეს ხელისუფლება არ იქნება სამომავლოდ”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ ლარის გაუფასურებით იკარგება სამუშაო ადგილები, იხურება მცირე და საშუალო ბიზნესები, და რა თქმა უნდა ეს უკვე გავლენას მოახდენს ფასებზე, როგორც საწვავის, მედიკამენტების, ასევე სურსათის და სხვა ფასებზე.

“გაუფასურებული ლარი ნიშნავს დაკარგულ სამუშაო ადგილს. დაკარგული სამუშაო ადგილი ნიშნავს ინფლაციას და ქვეყნის დაცლას. ყველა მიმართულებით ვნებს ეს პოლიტიკა, რასაც დღეს ივანიშვილი ქვეყანაში აწარმოებს. დღეს უკვე რეალურად დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების ჩასაძირად რეპრესიები. გავიხსენოთ ნიკა მელიასთვის ბრალი წაყენება. მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლაზე პრეტენზია განაცხადა და მომენტალურად დაიწყო მისი ბლოკირება და განეიტრალება. რაც მთავარია, პირდაპირ დავალებას ასრულებს რუსეთისას, ვინაიდან ანაკლიის პორტის იდეა ფაქტობრივად დაასამარა ივანიშვილმა”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად