რომან გოცირიძე: ლარის გაუფასურებაში პირდაპირაა დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება და მომხდარში მთავრობას ადანაშაულებს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაში პირდაპირაა დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი თავისი ე.წ. ”იაფი ფულის” პოლიტიკით.

“მთავრობა თავისი უგუნური ქმედებებით აუფასურებს ლარს. გუშინწინ, 6 ნოემბერს, ხაზინამ 150 მილიონი ლარი კიდევ ასესხა კომერციულ ბანკებს, მაშინ, როცა ამ მძიმე ვითარებაში თავი უნდა შეეკავებინა ყოველგვარი მსგავსი ოპერაციებისაგან.

შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილს. მთავრობა თავის ანგარიშებზე აგროვებს ფულს გადასახადების, გრანტებისა და ვალის აღების გზით. შემდეგ ამ ფულს ვერ ხარჯავს ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. ერთი შეხედვით, ამან დადებითად უნდა იმოქმედოს ლარზე, რადგან ამოაქვს ფული მიმოქცევიდან, მაგრამ, როგორც იტყვიან, ვერ მოგართვით-მთელი ნაგროვები ნაშთი 1, 175 მილიარდი ლარის ოდენობით, ხაზინამ გაასესხა კომერციულ ბანკებზე. შესაბამისად, ეს ფული მიდის მიმოქცევაში და მისი ნაწილი ხვდება სავალუტო ბაზარზე.
ამას დამატებული ეროვნული ბანკის მიერ სულ უფრო მზარდი ოდენობით გაცემული რეფინანსირების სესხები( 1, 570 მილიარდი ლარი დღევანდელი მდგომარეობით) და დავინახავთ, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი სამ მილიარდამდე ლარს აწვდიან ბანკებს ამ კრიზისულ ვითარებაში. მიზანი ”ეკონომიკური ზრდის წახალისება” და ”ბანკებისათვის მიკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებაა”. სინამდვილეში, ასეთი მოქმედება აუფასურებს ლარს, რომლის არასტაბილურობაც არის ეკონომიკური ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი.

მოკლედ, როცა ვამბობთ ბიჯეტიდან მილიარდები არის დასახარჯიო, ეს სინამდვილეში უკვე ”დახარჯულია” და დარჩენილ ორ თვეზე ნაკლებ დროში მართლა დასახარჯია 3,2 მილიარდი ლარი, ანუ იმაზე მეტი, რაც წლის ბოლო სამ თვეში უნდა დახარჯულიყო გეგმით.

ლარის გაუფასურებაში პირდაპირაა დამნაშავე მთავრობა და ეროვნული ბანკი თავისი ე.წ. ”იაფი ფულის” პოლიტიკით, რომელიც ძალიან ძვირი უჯდება ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს”,-წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში და თან რამდენიმე დოკუმენტს აქვეყნებს.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
კომენტარები
იტვირთება...