რომან გოცირიძე: კოალიციური მმართველობის პირობებში მსგავსი მასშტაბის მოსმენების შემკვეთებიც და შემსრულებლებიც პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული

“ნორმალურ სახელმწიფოში, არა თუ ამ მასშტაბის მოსმენების, არამედ მისი მეასედის განხორციელების შემთხვევაშიც კი მთელი მთავრობა გადამდგარი იქნებოდა, დამნაშავეები კი დაპატიმრებულები . აქ ვინ უნდა გააკეთოს ეს? პროკურატურა, პოლიცია, სასამართლოები, სუსი, თავად არიან მონაწილეები დანაშაულებში. პარლამენტი და პრეზიდენტი ფიქციაა. “

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებული მასალების გასაჯაროვების ფაქტს სოციალურ ქსელში.

“საქართველოში არსებული მმართველობის სპეციფიური, 21-ე საუკუნეში იშვიათი და სამარცხვინო ფორმა-ერთი ფულიანი კაცის ტოტალური კონტროლი ყველაფერზე, რომელსაც ჰყავს ჯიბის პრეზიდენტი და ჯიბის პარლამენტი, არის ყველაფრის თავი და თავი. არასდროს, ამ მმართველობის პირობებში, საქართველოს არ ეღირსება წინსვლა და განწირულია სიღატაკისათვის.

ხელისუფლებებს საარჩევნო დემოკრატიებში ცვლის ოპოზიცია. აქაც ასე მოხდება. შეიძლება ოპოზიცია თავისი ხარისხით, სიჭრელით (აქ, მინუს ნიშნით) ან პერსონალური შემადგენლობით ბევრისთვის არ იყოს მოსაწონი, მაგრამ იმას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ყველაფერი სჯობია. ოპოზიციაც ნელ-ნელა ისწავლის არაერთპარტიულ და არაერთპიროვნულ მართვას, რაც დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიებისათვის.

საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში ერთპიროვნულად იმართებოდა. ჩვენი ისტორია მეფეთა ისტორიით არის წარმოდგენილი და არა ხალხის ისტორიით. ორასწლიან რუსულ-საბჭოური მმართველობის დროსაც მეფისნაცვლები და კომუნისტი “მეფისნაცვლები”-“ცეკას მდივნები” განაგებდნენ ქვეყანას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ოცდაათი წელია ერთი პარტიის აშკარა დომინირების ქვეშ იმართება ქვეყანა. ასე ვერ გაგრძელდება. ევროპული ქვეყანა ვართ და ევროპული წესებით მოგვიწევს ცხოვრება. ძალიან ძნელია კოალიციური მმართველობა და ძალიან ადვილი-ერთპიროვნული. ჩვენთვის განსაკუთრებით. პირველი უცხო ხილია, მეორე ტრადიციული წესი.

კოალიციური მმართველობის პირობებში მსგავსი მასშტაბის მოსმენების შემკვეთებიც და შემსრულებლებიც პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამის ჩამდენებს არაფერი უნდა ეპატიოს.” – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა: დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება.

განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე.

კომენტარები
იტვირთება...