რომან გოცირიძე: ხაჭაპური გემრიელია თუ არა, რომ დარწმუნდე, უნდა შეჭამო –  „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან კონკურენტუნარიანი იყო

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 22 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის გადაწყვეტილების სისწორე საპრეზიდენტო არჩევნების პრაქტიკიდან გამომდინარეობს.

ამის შესახებ რომან  გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიები კონკურენტები იქნებიან, პარტნიორები კი, მომავალ პარლამენტსა და მომავალი ხელისუფლების ფორმირებისას.

„ყველა იბრძოლებს პროპორციულ სიაში და მაჟორიტარი დეპუტატობისთვის. საბოლოოდ, ხელისუფლება გაერთიანებული ძალებით შეიცვლება და მიზნის მისაღწევად გამართლებულია ყველა ის გზა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები მიმართავენ. ერთმანეთისთვის პრეტენზიების წაყენება სწორი არ არის. ნუ გვავიწყდება, რომ არჩევნები მთელ მსოფლიოსა და საქართველოში არის კონკურენტებისა და ინტერესების შეჯახება, მაგრამ გონივრული პროცესი შემდეგ გაერთიანებას ნიშნავს. ხელისუფლების შეცვლის დიდი შანსი არსებობს. ყველა პარტიას გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე თავისი წარმოდგენა აქვს. ჩვენი წარმოდგენაა, რომ ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი გვყავდეს. შეიძლება, ზოგი სხვანაირად ფიქრობდეს. ზოგს ეს გზა მიაჩნია სწორი, ზოგს – სხვა. რომელია სწორი, არჩევნების შედეგი გვაჩვენებს. ჭეშმარიტების საზომია პრაქტიკა. ხაჭაპური გემრიელია თუ არა, რომ დარწმუნდე, გარეგნულად ვერ შეაფასებ, უნდა შეჭამო. ერთ-ერთი გერმანელი კლასიკოსის გამონათქვამია – პუდინგი არის თუ არა გემრიელი, რომ დაამტკიცო, საჭიროა, გასინჯო. პრაქტიკა არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. ერთხელ უკვე გავსინჯეთ და საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ყველგან კონკურენტუნარიანი იყო. ჩვენ მიერ არჩეული გზის სისწორე პრაქტიკიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად