გოცირიძე: არ არსებობს ქვეყანა, სადაც არის ჩვენნაირი მდგომარეობა და არ მიემართოს შეზღუდვებისათვის

“ხელისუფლება უნამუსოდ ეწეოდა პანდემიის პოლიტიზებას, რაც მის არაკომპეტენტურობასთან ერთად შექმნილი უმძიმესი ვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მაგრამ ქვეყანა მხოლოდ ხელისუფლება არ არის. ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოში ვაქცინის შემოსვლამდე, იდეალურ შემთხვევაში, ნახევარი წელია დარჩენილი. ეს ნახევარი წელიწადი უმძიმესი იქნება ქვეყნისათვის, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკას დავაკვირდებით.

ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა მისული.

დღეს, ყველაზე საშიში ის კი არ არის, რომ ვიღაც გონებაჩლუნგები ამბობენ, ვირუსი არ არსებობსო ან ინტერნეტს რომ აბრალებენ მის გავრცელებას. ასეთები ყველგანაა. რას ვიზამთ, ასეთი ყოფილა ადამიანის ბუნება და მას ვერც ელექტრონული საუკუნე ცვლის. ბნელი ყველა საუკუნეში ბნელია. პრობლემა საფრთხის გამარტივებული აღქმაა მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან, რასაც ხელს ბევრი რამ უწყობს.

”ვირუსი ჩვეულებრივი გაცივებაა, დაავადებულთა 85 პროცენტს მსუბუქად გადააქვს, მაინც ყველამ უნდა მოვიხადათოთ, რა შიმშილს მოვუკლავთ და რა ვირუსს” და ასე შემდეგ-მსგავსი განწყობილებების შექმნა არის საფუძველშივე მცდარი, არაზნეობრივი და საშიში. სხვა ენაზე, იგივე ტექსტი ასე უნდა წავიკითხოთ: არა უშავს, ინფიცირებულთა მხოლოდ 15 პროცენტს აქვს გართულებები და აქედან მხოლოდ 5 პროცენტი მოკვდება.
მხოლოდ!

ჩაკეტვა-არჩეკეტვის საკითხიც მსოფლმხედველიბრივი დისკუსიის თემა გახდა, როცა ჩვენს გვერდით ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი დღითიდღე მოიმატებს.

არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც არის ჩვენნაირი მდგომარეობა (ჩვენზე უარესი სულ ორიოდე ქვეყანაშია მსოფლიოში ბოლო დროის მონაცემებით) და არ მიემართოს შეზღუდვებისათვის.

ახლა მთავარი ამოცანა ის არის, რომ ის მწირი რესურსები ( მათ შორის ნასესხები ფული), ისე იყოს გამოყენებული, რომ რაც შეიძლება მინიმუმზე იქნას დაყვანილი შეზღუდვებით გამოწვეული ზიანი და ეს შეზღუდვები არ უნდა ცდებოდეს იმ გონივრულ საზღვრებს, რაც ამ ღატაკ ქვეყანას კიდევ უფრო დიდ სიღატაკეში არ გადააგდებს.

ხელისუფლება უნამუსოდ ეწეოდა პანდემიის პოლიტიზებას, რაც მის არაკომპეტენტურობასთან ერთად შექმნილი უმძიმესი ვითარების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მაგრამ ქვეყანა მხოლოდ ხელისუფლება არ არის. ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა”,  – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად