რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძეზე: რვა სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლსობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გოცირიძემ “5 წუთში რვა ტყუილი თქვა”.

“სინამდვილეში საქმე შემდეგნაირად იყო: რვა სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა” – განაცხადა  თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და განმარტა, რომ  მას ტყუილი არ უთქვამს.

„აი, ეს არის 8 სიმართლე, რომელშიც აღწერილია, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა კვირიკაშვილის მოხსნისთვის საბაბად გამოიყენა და სადაც ნაჩვენებია, რომ ქვეყანაში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში, ბავშვებში და მთლიანად მოსახლეობაში“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გაზრდილია უმუშევართა რაოდენობა და მწარე სიმართლეა ის, რომ საქართველოში, 2019 წელს კერძო სექტორში 59 000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი იზრდება სახელმწიფო სექტორში „ნათესავების, მეგობრების და სხვათა ხარჯზე”.

„პრემიერ – მინისტრმა დღეს ფაქტობრივად, ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ:  პრემიერ მინისტრი-გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებს ინტერპელაციის წესით პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა  დაიბარეს.

“რომან გოცირიძის მხრიდან 5 წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვები და ამ 5 წუთში 8 ტყუილის თქმა მოასწრო.”

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრისთვის დასმულ შეკითხვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად