რომან გოცირიძე, გუბაზ სანიკიძე, კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ბაქრაძე მეხუთედ გახდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები

21 ნოემბერს გამართული არჩევნების მე-2 ტურის შემდეგ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ყველა დეპუტატის ვინაობა გაირკვა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრთაგან დეპუტატის მანდატი ყველაზე ხშირად აქვს მოპოვებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ბლოკის პარტიული სიით არჩეულ რომან გოცირიძეს, გუბაზ სანიკიძეს და კახაბერ ოქრიაშვილს და პოლიტიკური გაერთიანების „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პარტიული სიით არჩეულ დავით ბაქრაძეს

რომან გოცირიძე დეპუტატი პირველად 1990 წელს გახდა. იგი „სახალხო ფრონტის” სახელით იყრიდა კენჭს დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში.

1992 წლის ოქტომბრის არჩევნებში რომან გოცირიძე ბლოკი „11 ოქტომბერი”-ს (საქართველოს სახალხო ფრონტი, პოლიტიკური ორგანიზაცია „დემოკრატიული არჩევნები საქართველოსათვის” (დასი), საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია) პარტიული სიით გახდა დეპუტატი.

2004 წელს რომან გოცირიძე საარჩევნო ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები”-ს პარტიული სიით გახდა დეპუტატი.

მე-9 მოწვევის პარლამენტში რომან გოცირიძე დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით გახდა, ხოლო მე-10 მოწვევის პარლამენტში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” პარტიული სიით.

1990 წელს საარჩევნო ბლოკში „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო” გაერთიანებული „ტრადიციონალისტური პარტიის” წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახდა ამბროლაურის მაჟორიტარული ოლქიდან. 1999 წელს იგი საარჩევნო ბლოკის „აღორძინება” პარტიული სიით, ხოლო 2008 წელს კი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)” პარტიული სიით გახდა დეპუტატი. 2012 წელს გუბაზ სანიკიძე საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” პარტიული სიით გახდა მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.

2020 წლის არჩევნებში გუბაზ სანიკიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი იყო როგორც უპარტიო.

კახაბერ ოქრიაშვილი 2004 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. საინიციატივო ჯგუფის მიერ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი კახაბერ ოქრიაშვილი მე-6 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი დმანისის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში იგი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით გახდა დმანისის მაჟორიტარული ოლქიდან. მე-9 მოწვევის პარლამენტში კახაბერ ოქრიაშვილი კვლავ დმანისის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა, ამჟამად უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდაჭერით, ახლახან დასრულებული არჩევნების სედეგად კი იგი მე-10 მოწვევის დეპუტატი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ბლოკის პარტიული სიით.

დავით ბაქრაძე აგრეთვე ზედიზედ მეხუთედ გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. 2004 წელს იგი საარჩევნო ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები”-ს პარტიული სიით მოხვდა პარლამენტში, 2008-2012-2016 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით, ხოლო 2020 წლის არჩევნებში დავით ბაქრაძე პოლიტიკური მოძრაობა „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

მეოთხედ გახდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები:

დილარ ხაბულიანი (მე-2 მოწვევა – მაჟორიტარი, ლენტეხის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”; მე-4 მოწვევა – ლენტეხის მაჟორიტარული ოლქი, ფრაქცია „ლეიბორისტი”; მე-7 მოწვევა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, კრწანისის მაჟორიტარული ოლქი, მე-10 მოწვევა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ბლოკის პარტიული სიით);

შალვა ნათელაშვილი (მე-3 მოწვევა – დუშეთის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი; მე-4 მოწვევა – დუშეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, ლეიბორისტული პარტია, მე-7 მოწვევა და მე-10 მოწვევა – ლეიბორისტული პარტიის პარტიული სიით);

ვიქტორ ჯაფარიძე (მე-6 მოწვევა – მესტიის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, საინიციატივო ჯგუფი; მე-8 მოწვევა – მესტიის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“; მე-9 მოწვევა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს პარტიული სიით; მე-10 მოწვევა – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს პარტიული სიით);

კობა ნაყოფია (მე-7 მოწვევა – ბოლნისის მაჟორიტარული ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; მე-8 მოწვევა – ბოლნისის მაჟორიტარული ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; მე-9 მოწვევა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, პარტიული სიით; მე-10 მოწვევა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” ბლოკის პარტიული სიით);

ანზორ ბოლქვაძე (მე-7 მოწვევა – ხულოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; მე-8 მოწვევა – ხულოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; მე-9 მოწვევა – ხულოს, ქედის და შუახევის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; მე-10 მოწვევა – ხულოს, ქედის და შუახევის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“);

გოჩა ენუქიძე (მე-7 მოწვევა – ამბროლაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; მე-8 მოწვევა – ამბროლაურის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; მე-9 მოწვევა – ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”; მე-10 მოწვევა – ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის მაჟორიტარი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად