რომან გოცირიძე: ეს არის ბიძინა ივანიშვილისადმი გზავნილი, რომელიც მისადმი მონურ მორჩილებას კიდევ ერთხელ უდასტურებს

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში 18 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook ზე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

“გგონიათ მართლა შსს მინისტრს იცავენ? ან დასაცავი რა სჭირს, სურათების ჩვენებით გამოხატული ერთწუთიანი პროტესტი რა საფრთხის შემცველი იყო? იქნებ სამი ქალის შეეშინდათ, ახლოს რომ არ გააკარეს ტრიბუნასთან? არც ერთი და არც მეორე. ეს არის ბიძინა ივანიშვილისადმი გზავნილი, რომელიც მისადმი მონურ მორჩილებას კიდევ ერთხელ უდასტურებს. ბევრი რამ მომხდარა პარლამენტში, ბევრი ფოტოსურათზეც აღბეჭდილა, მაგრამ ამაზე სამარცხვინო არცერთი ყოფილა”, -წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც შს მინისტრი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბარს გეგმავდა, ჩაიშალა.

საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა იმ დროს შეაწყვეტინეს, როდესაც “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი დეპუტატები ვახტანგ გომელაურს პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსვლის უფლებას არ აძლევენ.

საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო, დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიბარეს.

რიგგარეშე სხდომის დაწყებას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ დასწრებია. თუმა, როგორც კი ვახტანგ გომელაური მივიდა პარლამენტის ტრიბუნასთან, შემოვიდნენ და გამოსვლის უფლებას არ აძლევენ. დეპუტატებმა სასესიო დარბაზში “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

 

კომენტარები
იტვირთება...