რომან გოცირიძე: დამარცხდა “ქართული ოცნება,” ან ვაი-ს უნდა შეეყაროს და ან – ვუი-ს 

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე უტიფრობას უწოდებს იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია არ წავა ხელისუფლების შეთავაზებულ საარჩევნო მოდელზე (100 პროპორციული და 50 მაჟორიტარი), მოუწევს “თავიანთი პროპორციული უბარიერობა გამოიგლოვოს”.

როგორც რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო მრავალ ათეულწლიანი სურვილი ამომრჩევლის და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის, “ქართული ოცნების”, რომელიც დაიშალა.

“ქართულ ოცნებას” შემორჩენილი კლანი, რომელიც მოაჯდა ქვეყანას, მიისაკუთრა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და არაკონსტიტუციურად მართავს ქვეყანას, ახლა სურს რომ საარჩევნო კანონმდებლობა მოირგოს საკუთარ თავზე და შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელსაც სარფიანად იყენებს. ეს არის უტიფარი განცხადება. პროპორციული სისტემა, რომელიც კონსტიტუციაში დაფიქსირდა, არ არის ჩვენი მონაპოვარი, როგორც გვეუბნებიან. თურმე, ეს არ ყოფილა “ქართული ოცნება,” რომელიც ამაყობდა და მსოფლიოს ამცნო, დაგვიანებით, მაგრამ მაინც? ეს უკვე კლანიც არ არის, ეს არის ბანდა, რომელსაც სურს ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი  ხერხით. დარჩება ეს საარჩევნო სისტემა? მაინც დამარცხდება “ქართული ოცნება”. რაც მეტად გააჯანჯლებს და მეტად გაწელავს დროს, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, მით უფრო დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებს და მეტად ჩამოშლილი მივა არჩევნებამდე. არჩევანი არა აქვთ: ან უნდა დაჰყვეს ხალხის ნებას და შეცვალოს საარჩევნო კანონი, რაც ამათთვის არის ვაი, ან იქნება დიდი პროტესტი და არჩევნებამდე მივა უფრო მეტად ჩამოშლილი, რაც იქნება – ვუი. ამიტომ ან ვაი- ს უნდა შეეყაროს და ან ვუი-ს. დამარცხდა “ქართული ოცნება” და პირველ რიგში იმ წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკით და ძალადობით, რომელსაც ის ეწეოდა 7 წლის განმავლობაში”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად