რომან გოცირიძე: 2016 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა

“საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრად უნდა მოთხოვოს რუსეთს საქართველოს ენერგოსისტემის მიმართ პარაზიტის როლში ყოფნის შეწყვეტა.” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკაში სავალალო მდგომარეობა. 2016 წელთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის სამჯერ გაიზარდა. გენერაციის ზრდა ჩამორჩება იმპორტის ზრდას.

“იმპორტი ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 10 პროცენტი გახდა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ზოგიერთ თვეში, როცა გენერაცია დაბალია, იმპორტის ხვედრითი წილი 30 პროცენტსაც კი აღწევს. ქვეყანა რუსეთზე ენერგოდამოკიდებული ხდება.

2019 წლის მარტში საქართველოში დენის იმპორტმა მოხმარების 18 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე წლის მარტში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი 23 პროცენტით გაიზარდა.

ენერგეტიკაში შექმნილი პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მიერ აფხაზეთის ელექტროენერგიით მუქთად მომარაგებაა.
1997 წელს ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 26 პროცენტი რჩებოდა აფხაზეთში, 2017 წელს კი 56 პროცენტი.

2019 წლის იანვარში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95 პროცენტი აფხაზეთმა წაიღო, საქართველოს კი საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება ძვირი იმპორტით უწევდა.

აფხაზეთი დაახლოებით იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისი. აივსო სეპარატისტული რეგიონი რუსეთიდან შემოტანილი კრიპტოვალუტის მომპოვებელი მოწყობილობებით, რომელიც დიდძალ ელექტროენერგიას შთანთქავს. ფართოვდება რუსეთის სამხედრო ბაზები, რომლებიც ჩვენგან წაღებულ
დენში მხოლოდ სიმბოლურ თანხას იხდიან, თანაც ფულს აფხაზეთის ენერგოკომპანიას აძლევენ და არა ენგურის ჰიდროელექტროსადგურს.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში აფხაზეთს უფასოდ მივაწოდეთ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია” – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად