რომან ბოკერია: Georgian Airways-ის არცერთი თანამშრომელი დაინფიცირებულა კორონავირუსით

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ერთობლივი, წარმატებული გუნდური მუშაობისთვის. ეროვნულმა ავიახაზებმა Georgian Airways-მა ღირსეულად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დასაბრუნებლად” – განაცხადა Georgian Airways-ის დირექტორმა რომან ბოკერიამ “აიპრესთან” ინტერვიუში. როდიდან იწყებს ავიაკომპანია რეისების აღდგენას და რა ეღირება ბილეთი? ამის შესახებ რომან ბოკერია გვესაუბრა.

– საქართველოს ავიახაზებმა უკვე განაცხადა, რომ თქვენ მზად ხართ, დაიწყოთ საერთაშორისო ფრენები. მართლა ძალიან ბევრი კითხვა მოდის, თუ როდიდან იწყება, რა მიმართულებებს იწყებთ და არსებული პანდემიის პირობებში, სერვისის ფასი იქნება თუ არა უფრო მეტი, ვიდრე იყო აქამდე.

– ჯორჯიან ეარვეისი გეგმავს, განახორციელოს რეგულარული რეისები ყველა იმ მიმართულებებით, სადაც დავფრინავდით პანდემიამდე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ წარმატებით ვითანამშრომლეთ სახელმწიფო გუნდთან, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროსთან, ტურიზმის განვითარების ეროვნულ სააგენტოსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნების უზრუნველყოფის საქმეში. დღეის მდგომარეობით უკვე განხორციელდა 32 სპეციალური რეისი და სადღაც 3 500-3 700-მდე საქართველოს მოქალაქე ჩამოვიყვანეთ საქართველოში.

აგრეთვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ არცერთი ჩვენი ბორტგამცილებელი, არცერთი ჩვენი პილოტი არ დაინფიცირდა კორონავირუსით მიუხედავად იმისა, რომ უწევდათ ფრენები წითელი ზონის ქვეყნებში და იქიდან ჩამოყავდათ ჩვენი თანამოქალაქეები. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივიღეთ იატასგან და აგრეთვე სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებისგან რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მგზავრთა ჯანმრთელობის დაცვის უსაფრთხოების ზომები და ფრენებთან დაკავშირებით რა სიახლეები იქნება მიღებული. უწინარეს ყოვლისა, პირბადეები და ხელთათმანები იქნება აუცილებელი, აუცილებელი იქნება აგრეთვე სკრინინგი გაფრენამდე, ტემპერატურის შემოწმება, არის თუ არა მგზავრი სახიფათო კონდიციაში, აქვს თუ არა მას სხვადასხვა სახის სიმპტომები, ესეც იქნება სიახლე.

რაც შეეხება ძალიან ფართოდ გაშუქებულ თემას, რომ შუა რიგები იყოს გამოუყენებელი, ამასთან დაკავშირებით, არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ასეთი რეკომენდაცია ჯერჯერობით არ მოგვცა. ესეიგი, ეს ჯერჯერობით არ წარმოადგენს საფრთხეს იმ შემთხვევაში, თუ ყველას ექნება პირბადეები, თუ ყველას ექნება ხელთათმანები, თუ კავშირი იქნება შეზღუდული, ეს ნაკლებად წარმოადგენს რისკს.

რაც შეეხება ამ მიმართულებებს, ესენი არის ის ქვეყნები, სადაც ჩვენ დავფრინავდით, ეს არის მაგალითად საფრანგეთი, პარიზი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, პრაღა, ბარსელონა, ბრიუსელი, ისრაელი, მაგრამ აქ ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ ივლისს, საქართველოს მტავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ველოდებით ჩვენს ტურისტებს საქართველოში, მიუხედავად ამისა, და იმისა, რომ ჩვენ გავფრინდებით ამ ქვეყნებში, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც მზადყოფნა, იმ ქვეყნებშიც უნდა იყოს აეროპორტები გახსნილი იმისათვის, რომ ჩავფრინდეთ, წამოვიყვანოთ ჩვენი მგზავრები, დავაბრუნოთ უკან, შესაბამისად, თუ იმ ქვეყნებშიც იქნება მზადყოფნა, ყველა ამ მიმართულებას ავამოქმედებთ. თუ დავუშვათ, რომელიმე მიმართულებასთან დაკავშირებით არ იქნება ქვეყანა მზად, დაველოდებით როდის გაიხსნება ეს ქვეყანა.

მინდა მხარი ავუბა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც განაცხადა, რომ თავიდან უნდა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის რეკლამირება, თავიდან უნდა მოხდეს რეკლამირება არამარტო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქრისტიანული რელიგიის, კულტურის, ისტორიის მქონე ქვეყანა, შესანიშნავი ღვინით, შესანიშნავი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციებით, შესანიშნავი ბუნებით, კლიმატით, ჩვენი კულინარიით, არამედ, ამას დამატებით, ჩვენ დამატებით ფაქტორად გამოიკვეთა კორონავირუსის ძალიან დაბალი დონე მსოფლიო სტანდარტთან შედარებით, ძალიან ბევრი ფაქტორი არის ამის უზრუნველმყოფი, ზოგი ფაქტორი არის, რომელიც არგუმენტირებულად შემიძლია ვთქვა, ქვეყნის მიერ და ქვეყნის მთავრობის მიერ სწორად განხორციელებული პრევენციული ზომები, აგრეთვე ისეთი ფაქტორები, მაგალითად, ჩვენი კლიმატი, ჩვენი გარკვეულად დალოცვილი ღმერთისგან მხარე, ეს რწმენა, რომელიც ამაგრებს ამას და რწმენაზეა ყველაფერი დამოკიდებული, როცა გჯერა ადამიანს, მართლა ასე ხდება… ბუნება, როგორც ვთქვი, კლიმატი, პროდუქტები… აგრეთვე მინდა დავიმოწმო ევროგაერთიანების ელჩი საქართველოში, რომელმაც ხაზგასმით და  ღიად  დააფიქსირა ის პოზიცია, რომ საქართველო არის ყველაზე სასურველი ადგილი მსოფლიოში, სადაც შეიძლება ეს კორონავირუსის კრიზისი გადაიტანოს კაცმაო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად