“როგორც კი ამ შეთანხმებას ხელი მოვაწერე, იმ წამსვე დაატუსაღეს უდანაშაულო ადამიანები”

ოპოზიციაში გადასული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ირაკლი ღარიბაშვილი მას თხოვდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა, რაც მან არ შეასრულა.

"ჩემი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, მე როდესაც ვიყავი თავდაცვის საკითხებზე საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებთან, იქ ჩვენ ვამზადებდით და ვაწერდით ხელს უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას საქართველოსთვის და ამ შეთანხმების ხელმოწერა რატომღაც დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, საქართველოს მოქმედი ფიქტიური პრემიერმინისტრის მხრიდან.

იმ წუთში მივხვდი, რომ აქ იყო ჩართული დეფაქტო პრემიერმინისტრი ივანიშვილი და მე მთხოვეს,  თავი შემეკავებინა ხელმოწერისგან. მე ეს არ გავაკეთე. ვუთხარი, რომ ეს საქართველოს ჭირდება და ეს იყო შეთანხმება. და ამის შემდეგ, იმ წამს იქნა სწრაფად, ნაუცბათევად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი, მთელი ცხოვრება სწორედ საქართველოს რომ ემსახურებოდნენ, დაეტუსაღებინათ ჩემთვის პოლიტიკური ზეწოლის მოსაზრებით. ეს ცალსახა იყო, ამიტომაც მე როცა ჩამოვედი,  ფრაქციას გვქონდა შეხვედრა პრემიერთან. მე ვუთხარი ეს ყველაფერი, რომ კარგად გარკვეულიყო სიტუაციაში, ამ ადამიანების დაკავება არ იყო აუცილებელი, ისინი თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. მან მითხრა, რომ რა თქმა უნდა, ის გაარკვევდა ყველაფერს და ისიც დაინტერესებული იყო, რომ არ გართულებულიყო ეს პრობლემა, მაგრამ მეორე დღეს დილით ახალი მძევლების აყვანა გადაწყვიტეს, თითქოს ქართულ კვებაში არსებულ დარღვევებზე დაიბარეს და დააკავეს ახალი თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროში. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ამ მეთოდებით მათ უნდოდათ პოლიტიკური ოპონენტის ჩამოცილება, პოტენციური ოპონენტის მომავალი პოლიტიკური კარიერიდან.

შეგიძლიათ დაასახელოთ ის შეთანხმება, რაზეც გთხოვეს, რომ ხელი არ მოგეწერათ?

ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც მე მაინც მოვაწერე ხელი, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მე ველოდები ეხლა ამ შეთანხმების ცხოვრებაში განხორციელებას. მე ვიქნები ბედნიერი და თქვენც იქნებით ბედნიერი, თუ ეს განხორციელდა, იმიტომ რომ უფრო დაცულები ვიქნებით. თუ არ განხორციელდა, მაშინ მე პასუხს მოვთხოვ, ვალდებული ვიქნები საჯაროდ გამოვიდე და თქვენც მოგიწვევთ და დაგელაპარაკებით დეტალებზე.

ვრცელ ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...