რა ვითარებაა გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)

დღეს, დილით დაახლოებით 08:00 საათზე, გურამიშვილის გამზირზე №34 ნომერში, 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. გარდა ამისა, აბონენტი გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა.

შენობიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, ისინი დროებით სასტუმროებში განთავსდებიან.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სამართალდამცველები. აფეთქების შედეგად ასევე რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად