როგორ მოვუგოთ დროს… ლევან ფანცხავას ბლოგი

ამ ზაფხულს შემოდგომის სუნი ასდის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ახლა როცა გარეთ ძალიან ცხელა და სუნთქვა გვიჭირს, თვალების დახუჭვაღა კმარა რომ მიხვდე, თავისუფლება წვრილმანებშია.

მერე ამ შემოდგომას ჩაიში ვყრით და ვუყურებთ სივრცეს. რამდენის ხდები? მეგობრის მეგობარმა მკითხა. 25 ივლისს 29 წელი გადის რაც დავიბადე, 10 585 დღე, რა ცოტაა, არადა საუკუნის მეოთხედი უკვე გავიარე, ხო, მოკლედ ძალიან ცოტახანს გვიწევს სუნთქვა, ამოსუნთქვაც, როგორც გვინდა, როგორც ქვია, ან რა მნიშვნელობა აქვს.

20 წლის წინ, როცა ბაბუაჩემმა გადაწყვიტა რომ აქ მისი ადგილი აღარ იყო, სქელი ნაჭრის ქუდი და თხელი, ნაცრისფერი ზოლებით პიჯაკი, ეზოში, ღობის გასწვრივ დამაგრებულ წვრილ მილზე გადაკიდა, იქვე სადაც ჭიშკარი იყო და ვიდრე სახელურით გამოვაღებდი ქუჩაში მიმავალ სივრცეს, გავქვავდი. ახლაც ის სუნი მცემს, დაღლილი, მაყვლის მარცვალ გაჭყენტილი სუნიანი ბაბუაჩემის. რა ტკბილია!

არა, ბაბუას წასვლის მერე ბებიაჩემი მეუბნებოდა რომ ბევრი უნდა ვჭამო, რომ დიდი გავიზარდო, 40 გრადუსში თბილად უნდა ჩავიცვა, ძალიან სუსტად ვარ 25 წლის ბიჭი 100კგ და მოკლედ დედაჩემს ლამის ევედრებოდა რომ ჯერ კიდევ ბავშვისთვის ყურადღება მოექცია უფრო მეტი, უფრო ბევრი.

სამი წლის წინ წავიდა… დედაჩემმა ახლა გამიმხილა, რომ მისი ბოლო სიტყვები ჩემთვის იყო: მინდოდა მისი შვილი მენახაო….თქვა და ბებიაც გაქრა უკვე დიდი კაცის თვალებიდან. ახლა კი სამუდამოდ გავიზარდე.

ძალიან რთულია დიდობა, დიდობანას თამაშიც, ისიც რომ არც ის “მაყვლის სუნიანი” კაცი გყავს და არც ყველაზე “მსუქანი” რომ უყვარხარ ის ქალი. ვცარიელდებით მერე და ვივსებით წარსულით, ოღონდ მგონია რომ წარსულით არ უნდა ვიცხოვროთ, არა, უბრალოდ ის უნდა გვქონდეს, გვყავდეს, ჩვენი იყოს.

13 დღეში ოცდამეცხრედ დავიბადები და რა მალე წავიდნენ, ბებიკოები, ხო, ერთი ცალი თეთრ თმიანი კაცი დამრჩა, ვინც ალბათ ყველაზე ტკბილად მომილოცავს. თმაქოჩორა ბაბუაჩემი, ერთადერთი და ერთი ცალი კაცი. რა დროს დიდობანაა, მე ჯერ კიდე ბაბუას შვილიშვილი ვარ, ერთი ჭაღარა ბიჭის.

და ჩვენ ვთამაშობთ დიდობანას და მე ვიზრდები, მერე რა რომ ძალიან ადრეა. და დიდობანას ვითამაშებთ ხვალიდან სულ, ვიდრე არ წააგებს დრო, რადგან ეს არის ბრძოლა რომელსაც ძირიტადად ვაგებთ ჩვენ. ამიტომ ზოგჯერ საათის წიკწიკიც უნდა გავყინოთ დროში და სივრცეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად