როგორ მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები სტიქიის ზონებში (ფოტორეპორტაჟი)

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სტიქიის ზონებში სადეზინფექციო სამუშაოებს ანტისეპტიკური და ასეპტიკური მეთოდებით აწარმოებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ტერიტორიის ე.წ. ,,თერმული ნისლით“ დამუშავება სპეციალური სამანქანო დანადგარებითა და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. მანქანით მოუდგომელი ადგილები ზუგსაკიდი „სოლოს“ ტიპის აგრეგატით დამუშავდება. სადეზინფექციოდ გამოიყენება კორსოლინის ხსნარი, რომლითაც მუშავდება სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები. აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ტარდება. 

სპეციალისტების განმარტებით კორსოლინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. იგი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს. 

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე და სამინისტროს წარმომადგენლები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარების მიერ ბიოუსაფრთხოების რისკის შემცირების მიზნით, ზოოპარკის შესასვლელთან სადეზინფექციო ბარიერი მოეწყო. სააგენტოს სპეციალისტები ზედამხედველობას ახორციელებენ სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშისა და გაფუჭებული ხორცპროდუქტების განადგურებაზე. ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა ხდება თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით. ლეში ნადგურდება ასევე სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში. სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან მავნებლად მიჩნეული და გაფუჭებული სურსათის ამოღების პროცესი თითქმის დასრულდა. უკვე გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 135 ტონამდე მზა სურსათი და ნედლეული. ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე არსებულ ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელ საწარმოსთან ,,21 საუკუნე“ მისასვლელი გზის გაწმენდის შემდგომ, სააგენტოს სპეციალისტები გააკონტროლებენ უვარგისი პროდუქციის (წინასწარი მონაცემებით 20 ტონა) დროულად გატანას და განადგურებას. 

გასული ღამის განმავლობაში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" 12 ერთეული სპეცტექნიკა (10 თვითმცლელი, 2 ექსკავატორი) და კომპანიის 20-მდე თანამშრომელი. ტერიოტრიიდან 1090 მ3-მდე ნატანი მასის გატანა განხორციელდა.

სტიქიის შემდეგ, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, დაახლოებით 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და 40-ზე მეტი თანაშრომელი 24 საათიან რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ. გაწმენდითი სამუშაოების დაწყებიდან ჯამურად გატანილია 13 000 მ3-მდე ნატანი.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს უწევს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად