როგორ მიმართონ აგვისტოს ომის დაზარალებულებმა ჰააგას – იუსტიცია განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო აგვისტოს ომის მსხვერპლთ მოუწოდებს, 30 დღის ვადაში მიმართონ ჰააგის სასამართლოს. იუსტიციის სამინისტროს საიტზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული პირებისათვის ინფორმაცია განთავსდა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ითანამშრომლონ ჰააგის სასამართლოსთან.

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულებმა 30-დღიან ვადაში 2015 წლის 12 ნოემბრამდე უნდა მიმართონ. მათ, ამ ეტაპზე, სასამართლოს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია მხოლოდ გამოძიების დაწყების თაობაზე პროკურორის 2015 წლის 13 ოქტომბრის მიმართვასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ წინასასამართლო პალატა გასცემს პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე ნებათვას, დაზარალებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები და საჩივრები წარადგინონ სამართალწარმოების პროცესში და მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება (რეპარაცია). 



განაცხადის ფორმის შევსება, აგრეთვე დაზარალებულთა დაცვისა და რეპარაციის განყოფილების ელექტრონული და საფოსტო მისამართების ნახვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს 2015 წლის 12 ნოემბრამდე შეუძლიათ მიმართონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში და წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები

2015 წლის 13 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა წინასასამართლო პალატას, რომ გამოძიება დაიწყოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში სავარაუდოდ ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ფაქტებზე. სასამართლოს რეგულაციების თანახმად, აღნიშნული სავარაუდო დანაშაულების შედეგად 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე დაზარალებულ პირებს ან მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ, 30 დღის ვადაში (2015 წლის 12 ნოემბრამდე) მიმართონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰააგაში და წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები გამოძიების დაწყების საკითხთან დაკავშირებით.

აღნიშნული მიმართვა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, დაზარალებულთა დაცვისა და რეპარაციის განყოფილების გავლით, ქვემოთ მოცემულ საფოსტო მისამართზე:

International Criminal Court
Victims Participation and Reparations Section
Situation in Georgia
PO Box 19519
2500 CM, The Hague
The Netherlands

დაზარალებულებს ან მათ წარმომადგენლებს აგრეთვე შეუძლიათ სასამართლოსთვის მიმართვა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: VPRS.Applications@icc-cpi.int.

დაზარალებულებმა, ამ ეტაპზე, სასამართლოს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია მხოლოდ გამოძიების დაწყების თაობაზე პროკურორის 2015 წლის 13 ოქტომბრის მიმართვასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ წინასასამართლო პალატა გასცემს პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე ნებათვას, დაზარალებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები და საჩივრები წარადგინონ სამართალწარმოების პროცესში და მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება (რეპარაცია).

ინფორმაციის წარდგენის გამარტივების მიზნით, სასამართლოს დაზარალებულთა დაცვისა და რეპარაციის განყოფილების მიერ შემუშავებულია სპეციალური ფორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად