როგორ გვართმევენ კალათბურთს კომუნისტები – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

დავიღალე პოლიტიკისგან და გადავწყვიტე კალათბურთისთვის მეყურებინა – ნამდვილი კალათბურთისთვის, ამერიკულისთვის. მაგრამ ვინ გაყურებინა? NBA-ს სეზონი 31 ივლისს განახლდა, რამდენიმე დღით ადრე კი ამერიკის წამყვანმა სპორტულმა მედიამ ESPN-მა სკანდალური მასალები გამოქვეყნა. ირკვევა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის, NBA-ს მიერ ჩინეთში გახსნილ საკალათბურთო ბანაკებში სისტემატიურად ხორციელდება ძალადობა 13-14 წლის ბავშვებზე ადგილობრივი ინსტრუქტორების და მწვრთნელების მხრიდან. ამერიკელი, რომელიც მუშაობდა ერთერთ ბანაკში აღნიშნავს, რომ ბანაკში არსებული ატმოსფერო, მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ ატმოსფეროს გავს.

ადრე წამიკითხავს, რომ 70-იან და 80-იან წლებში საბჭოთა კავშირს და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ბრალს დებდნენ გაუგონარ ძალადობაში. 14 წლის და უფროსი ასაკის სპორტსმენ გოგონებს აფეხმძიმებდნენ, დაახლოებით 3 თვეში კი აბორტს უკეთებდნენ, რის შემდეგაც ორგანიზმი გამოიმუშავებდა ნივთიერებას, რომელსაც ბუნებრივი დოპინგის თვისებები ახასიათებდა. ეს კი ეხმარებოდა მათ მაღალი სპორტული შედეგების მიღწევაში. რა საერთო აქვს ამ ფაქტს ჩინეთის საკალათბურთო ბანაკებთან? – რა თქმა უნდა, კომუნისტური პარტია.

 საკალათბურთო ბანაკი საკონცენტრაციო ბანაკის გვერდით

NBA ჩინეთში ახორციელებს 5 მილიარდი აშშ დოლარის პროექტებს. შედარებისთვის ეს თანხა მეტია ვიდრე საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი, ასევე მეტია ვიდრე გერმანიაში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზების 1 წლის საფასური. ჩინური ბაზრის და ჩინელი მაყურებლის მიმართ ცდუნება ძალიან დიდია. NBA-ს ანგარიშებს სოციალურ ქსელებში ჩინეთიდან 180 მილიონი ხელმომწერი ყავს, არის შემთხვები, როდესაც თამაშს პირდაპირი ეთერით 20 მილიონზე მეტი ჩინელი მაყურებელი ყავს. წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ჩინელს მინიმუმ ერთი თამაში მაინც აქვს ნანახი პირდაპირი ტრანსლაციით. კლუბები და ცალკე კალათბურთელები სისტემატიურად მართავენ ჩინეთში სარეკლამო საჩვენებელ მატჩებს და სხვა ღონისძიებებს. თუმცა გამდიდრების სურვილმა NBA-ს მენეჯმენტს როგორც ჩანს წონასწორობა დააკარგვინა. სხვა რით აიხსნება, რომ ESPN-ის მიერ ნახსენებ საკალათბურთო ბანაკებში ადამიანის უფლებები მოზარდებთან მიმართებაში ფეხქვეშ არის გათელილი (ბავშვებს ამცირებენ და სცემენ უბრალოდ) და მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციას ფლობდნენ, NBA-ში ამაზე არ რეაგირებდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ 3 ბანაკიდან ერთი სინძიანი-უიღურის ავტონომიურ რაიონშია. ეს რაიონი რესურსებით ყველაზე მდიდარ, მაგრამ ცხოვრების დონით ყველაზე ღარიბ ჩინურ რაიონს წარმოადგენს. თუმცა მთავარი აქ ის გარემოებაა, რომ ჩინეთის მთავრობას მილიონი (!) მუსულმანი უიღური საკონცენტრაციო ბანაკებში ყავს გამოკეტილი, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე და შესაძლებელია სიცოცხლის ბოლომდე. ჩინეთის მთავრობა თავდაპირველად ამ ფაქტს უარყოფდა. შემდეგ აღიარეს, ოღონდ მათ გამოსასწორებელ ბანაკებს ეძახიან, სადაც მუსულმანი უიღურები, თურმე თავის ნებით მიდიან. მოკლედ იქ NBA-ს ბანაკია, გვერდით საკონცენტრაციო ბანაკი…

რა დროს ჰონგ-კონგი და თავისუფლებაა, ფული კეთდება ჩინეთში

ჩინეთის გავლენა NBA-ს მტკივნეულად ჯერ კიდევ 2019 წელს დაეტყო, როდესაც ჰონგ-კონგში ჩინეთის ზეწოლის წინააღდეგ გამართული აქციებისადმი სოლიდარობის ნიშნად “ჰიუსტონ-როკეტსის” მწვრნელმა დერილ მორიმ ტვიტერზე დაწერა “იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, ვდგავართ ჰონგ-კონგის გვერდით!“. ამ პოსტმა არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია, ჩინეთი კი პირდაპირ მუქარაზე გადავიდა, რომ შეწყვეტდა ერთობლივ საკალათბურთო პროექტებს. მუქარამ გაჭრა. შედეგად მორი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა, ხოლო პოსტი კი წაშალა.

უბრალოდ კარგი კალათბურთის ყურება მინდოდა

განახლებული ჩემპიონატის მატჩებში პარკეტზე წარწერაა “შავი ცხოვრება ღირებულია.” მოთამაშეების დიდ ნაწილს სახელის და გვარის ნაცვლად თამაშის მიმდინარეობის დროსაც კი, აცვიათ მაისურები ამ და სხვა 28 სლოგანით. ანუ შეიძლება ასეც ითქვას: “სასწავლო რეფორმამ” გადააწოდა ბურთი “ძალაუფლება ხალხს”, თუმცა “როდემდემ” შეტევა ჩაშალა. თამაშების დაწყების წინ კი ყველას აცვია მაისური წარწერით “შავი ცხოვრება ღირებულია”, ხოლო ამერიკის ჰიმნის შესრულების დროს ყველა მუხლმოდრეკილია. დღეს არსებული ტრადიციით ეს რიტუალი ამერიკელი ექსტრემისტების და კომუნისტების მიმართ მორჩილების და ამერიკის და მისი ღირებულების წინააღმდეგ განხორციელებული ჟესტია. ის არავითარ ასოციაციას ადამიანურ პროტესტთან და სინანულთან ჩემში აღარ იწვევს.

სრული აბსურდი.

გმირი აიზეკი

ორლანდოს “დისნეის-ცენტრში” 20 გუნდი აგრძელებს ჩემპიონატს, მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა ჯონათან აიზეკმა მოახერხა და ჰიმნის შესრულების დროს, არც მუხლი მოიდრიკა და არც მაისური ჩაიცვა წარწერით “შავი ცხოვრება ღირებულია”. იმის გათვალისწინებით რომ ასობით კალათბურთელს, მწვრთნელს, მსაჯს, ექიმს, ტექნიკურ და მმართველ პერსონალს კვირეების განმავლობაში ერთ სივრცეში ჩაკეტილებს მოუწევთ ცხოვრება და თამაში სრული იზოლირების პირობებში, მისი საქციელი გმირობის ტოლფასია. ჩარლზ ბარკლიმ უკვე დაიცვა დისიდენტები (კიდევ ერთმა მოთამაშემ და ორმა მწევრთნელმა ასევე არ ჩაიმუხლეს ჰიმნის შესრულების დროს, თუმცა მათ ეცვათ მაისური “შავი ცხოვრება ღირებულია”). მან აღნიშნა, რომ ის ხალხი ვინც ფეხზე დგება ჰიმნის დროს “ცუდი ხალხი არ არიან”. სპორტული მიმომხილველები წერდნენ რომ კლუბების წარმომადგენლების ნაწილი შიშობდა “დისნეი-ცენტრში” წასვლას სწორედ კალათბურთელთა აბსოლუტური უმრავლესობის და რაც მთავარია NBA-ს მენეჯმენტის მხრიდან “შავი ცხოვრება ღირებულია” და სხვა მსგავსი მოძრაობების მტკიცე და დემონსტრაციული მხარდაჭერის გამო. ამიტომ ბევრმა მათგანმა უარი თქვა ორლანდოში ცხოვრებაზე და არ გაჰყვნენ გუნდს.

კომისარი სილვერი ბაიდენის მომხრე და საქართველოს წინააღმდეგია

NBA-ს თავკაცს NBA-ს კომისარს ვეძახით. ალბათ არასდროს ეს სახელი ასე არ მოხდენია არავის, როგორც ეხლანდელ კომისარს – ადამ სილვერს. კომისარი ადამ სილვერი ადრე ბარაქ ობამას, ეხლა კი ჯო ბაიდენის მხარდამჭერი და დამფინანსებელია. ქართველებს უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ კომისარმა კაცმა შეგვიშალა ხელი გვეზეიმა ზაზა ფაჩულიას “ყველა ვარსკვლავთა თამაშში” მონაწილეობა. NBA-მ კომისარი სილვერის ხელმძღვანელობით, სპეციალურად ფაჩულიას ჩაგდების მიზნით “ყველა ვარსკვლავთა თამაშში” მოხვედრის ახალი მეთოდი შეიმუშავა, რადგან კომერციულად ისეთი უინტერესო ქვეყნის, როგორც საქართველოა, წარმომადგენელი ვერასდროს ვერ მოხვდეს ამ გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე.

 

რეზუმეს მაგივრად – კომისარო სილვერ, მისია შეუსრულებელია!

ზემოთ ნახსენები ჯონათან აიზეკის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ დღეისათვის მისი მაისურების გაყიდვები მხოლოდ ლებრონ ჯეიმსის მაისურების გაყიდვებს ჩამოუვარდება. NBA-ს სატელევიზიო ჩვენებების რაოდენობა შემცირდა, ამ ფონზე ჰოკეის ყურება, სადაც არ იჩოქებენ და არც იმ მაისურებს არ იცვამენ, გაიზარდა. გამოკითხის შედეგები სწორედ ამას აჩვენებს – მაყურებელთა უმეტესობას არ მოსწონს ჰიმნის დროს მუხლის მოდრეკა და “შავი ცხოვრება მნიშვნელოვანიას” პარკეტზე და მაისურებზე ყურება.

რა ხდება კომისარო სილვერ, ცუდადაა საქმე? იმდენად გადაყევი ჩინურ ბაზარს და ექსტრემისტების მორჩილებას, რომ შენივე საფუძველი მოირყიე? ის ამერიკელი გულშემატკივარი, რომლის სიყვარულმა ამერიკული კალათბურთისადმი NBA მსოფლიოში ფინანსურად მესამე სპორტულ ლიგად აქცია, საერთო დაივიწყე? ისტორია კი რომელიც ხშირად კარგი მასწავლებელია ასეთ რამეს გვეუბნება: 1979 წელი იყო საფუძველი როდესაც NBA არნახული პოპულარობის გზას დაადგა. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ სამქულიანი სროლები სწორედ ამ წელს შემოიღეს, არამედ იმიტომ რომ ლიგაში ლარი ბერდი და მეჯიკ ჯონსონი ერთად მოვიდნენ. მათმა მეტოქეობამ, თამაშის სტილმა, მაღალმა სპორტულმა ინტელექტმა კარდინალურად გაზარდა ამერიკელთა დაინტერესება ლიგის მიმართ. განსაკუთრებული როლი კი აქ ლარი ბერდს ეკუთვნის, რომელშიც ამერიკელებმა დაინახეს, რომ თურმე თეთრკანიან მოთამაშესაც შეუძლია განსაკუთრებულად მაღალ დონეზე თამაში. სწორედ ასეთმა პარტნიორულმა და სოლიდარულმა განწყობამ, რომელიც ვიზუალურადაც ეფექტურად გამოისახა, დასაბამი მისცა NBA-ს არნახულ პოპულარობას. ვერ ხვდება ამას კომისარი სილვერი როგორც ჩანს. ვერც იმას, რაც აქ ბოლომდე არ დავწერე. ეს კი ნიშნავს, რომ მისი ბრწყინვალე მენეჯერად წარმოდგენა საკმაოდ გადამეტებულია. ასე, რომ კომისარო სილვერ დაანებე კალათბურთს თავი და ლედ ზეპელინს მოუსმინე: There’s a lady who’s sure, All that glitters is gold (აი ქალი, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქროა. ქალი, კაცი პირობითია აქ. კ.ი.).

დონალდ ვიგებთ!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად