როგორ გავაბრაზოთ პარტნიორები ანუ სიყვარულით პოლონეთიდან და ამერიკიდან – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

ვის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა? – ამ კითხვით დაასრულა 9 ივლისს  პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟატა გოშევსკამ ფეისბუკზე, ქართულ და პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული განცხადება. ვიცე-სპიკერის გაღიზიანება და იმედგაცრუება საქართველოს მიმართ იმდენად დიდი აღმოჩნდა რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე 2 დღით ადრე აუცილებლად მიიჩნია სოციალურ ქსელში ვრცელი წერილის ქართულად გამოქვეყნება. ორი დღის წინ პოლონეთში გამართულ არჩევნებზე კი ანჯეი დუდამ გაიმარჯვა. ანჯეი დუდამ, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტთან ერთად, სულ რაღაც 3 კვირის წინ გამართული ისტორიული პრესკონფერენციის დროს, ორჯერ აღნიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ანჯეი დუდას აქტიური მხარდამჭერია.

პოლონელებიც “ფრონტერას” ლობირებენ?

რეალურად სახეზეა ქართული დიპლომატიის ფიასკო ერთერთ ყველაზე გამორჩეულ პარტნიორთან. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ საქართველო არ ხსნის პოლონეთისთვის კარანტინის გარეშე საზღვრებს. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკების დეტალები ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფიასკო სახეზეა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის კომენტარი ევროპული ქვეყნებიდან მოქალაქეების შემოსვლის შესახებ, “იმედის” ეთერი, 8 ივლისი: “ერთერთი მთავარი კრიტერიუმი არის 100.000 მოსახლეზე დაინფიცირებულთა რაოდენობა.” როგორც ვიცით საფრანგეთის მოქალაქეებს საქართველოში კარანტინის გარეშე ვუშვებთ. თუმცა პოლონეთში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი უფრო დაბალია – 10,1 ვიდრე საფრანგეთში-13,8. საგულისხმოა ასევე, რომ მიმდინარე თვის დასაწყისიდან პოლონეთში დაინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, ხოლო საფრანგეთში იზრდება (ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კი დაავადებულთა რაოდენობა საფრანგეთში საშუალოდ 2,6 ჯერ მეტია ვიდრე პოლონეთში).

პოლონეთის მყარ და სისტემატიურ მხარდაჭერაზე, პოლონელების ქართველებისადმი მაღალ ინტერესზე სინანულით საუბრობს პოლონელი პოლიტიკოსი, სახეზეა მისი სრული იმედგაცრუება ქართულ დიპლომატიასა და ოფიციოზზე. პოლონეთი, რომელიც ჩვენი რეალური მხარდამჭერია და რომელსაც სამომავლოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება ევროპულ უსაფრთხოებაში (ზემოთ ხსენებულ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინიციატივის შესაბამისად, პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა იქნება განთავსებული), გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.

ამერიკელ პოლიტიკოსებთან ყველაფერი გარკვეულია

– ესენი “ფრონტერას” ლობისტები არიან, ყველა.

მეორე ფიასკო. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს საგარეო უწყების რეაქცია აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის შეფასებისას. ნაცვლად იმისა, საზოგადოებას დაანახონ, რომ შეწუხებულები არიან სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულებით და ძალისხმევას არ იშურებენ ვითარების გამოსასწორებლად, დაკავებულნი არიან არაეფექტური “გაპრავებების ტირაჟირებით”.  როგორც ვიცით, 2021 ფისკალური წლის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების და დახმარების შესახებ კანონპროექტში, საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. თუმცა კანონპროექტი უშვებს შესაძლებლობას, რომ ფინანსური დახმარებიდან 15%, ანუ დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს შეუჩერდეს, “თუ არ იქნება დაცული დემოკრატიული პრინციპები” (ციტატა “ამერიკის ხმადან”). ანუ, ამერიკის სახელისუფლებო შტოები შეაფასებენ კონკრეტულ საკითხებში საქართველოში არსებულ ვითარებას და შემდეგ გადაწყვეტენ 15%-ის შესაბამისი თანხის მიწოდების მიზანშეწონილობას.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია “იმედში” 10 ივნისს აცხადებს, რომ „ლობისტების და ოპონენტების მცდელობა კანონპროექტში პოლიტიკური საკითხები შეეტანათ პირველივე ეტაპზე გამოირიცხა… 5 საკითხიდან კანონპროექტში შევიდა 3“. შემდეგ განმარტავს, რომელ ორ საკითხს უწოდებს პოლიტიკურს “ოლიგარქიული არაფორმალური მმართველობა და საკითხი სადაც პოლიტიკურ პარტიებზე, მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე იყო საუბარი, ხოლო კანონპროექტში დარჩა ის საკითხები რომელიც ბიზნესთან, ბიზნესის თავისუფლებასთან არის დაკავშირებული.” უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრისთვის “პოლიტიკური” ორივე საკითხი კანონპროექტის დანართში დაფიქსირებულია დღესაც (წესისამებრ) და შეფასებების გაკეთება მოხდება მათ შორის ამ ორი “პოლიტიკური საკითხის” გარშემოც. ხოლო თავად კანონპროექტში მართლაც სამი საკითხია აღნიშნული: 1) დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, 2) კორუფციასთან ბრძოლა, შესაბამისი რეგულაციების პრაქტიკაში გატარება 3) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა კერძო ბიზნესის ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ბატონო მინისტრო, კანონპროექტში დაფიქსირებული ამ სამი საკითხიდან რომელი არ არის უკიდურესად მაღალი პოლიტიკური შინაარსის მატარებელი? სპორტულ ან ჰუმანიტარულ საკითხებს ხომ არ წარმოადგენს რომელიმე მათგანი, ან თუნდაც ბიზნესის თავისუფლების საკითხს? ეს არის მინისტრის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და წარუმატებელი “გაპრავება”. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში 53 კონგრესმენია. მათ შორის 30 დემოკრატი და 23 რესპუბლიკელი. ქართულმა დიპლომატიამ ვერ მოახერხა ამ დრომდე რომ რომელიმე მათგანს კანონპროექტის ამ ნაწილის კონტექსტთან განსხვავებული პოზიცია საჯაროდ დაეფიქსირებინა, მათ შორის კანონპროექტის მიღების დროსაც. საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ეყოლება ოპონენტი, რომელსაც ყოველთვის შეეძლება მონახოს ლობისტი პარტნიორ ქვეყანაში. სად არის ამ დროს დიპლომატიის ეფექტური მუშაობის შედეგები? ეს არის გზავნილი, რომლითაც იმანიპულირებს და იხელმძღვანელებს მტერი და საქართველოს მხრიდან მყისიერი რეაგირების და ვითარების გამოსწორების გარეშე სრულ კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას და არა ამერიკას, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და გავლენიან პარტნიორებთან ადგენს დღეს ურთიერთობის ახალ სტანდარტებს. ხელისუფლების მხრიდან რეაქცია კი არ ჩანს.

ჩვენი პროდასავლური ოპოზიცია.

როგორც ჩვეულებრივი ობივატელი ერთი თვეა ვაკვირდები ქართული ოპოზიციის უცნაურ შეტევას დასავლეთზე. სამართლიანობა მოითხოვს, ავღნიშნო, რომ “შეტევების” ფორმაც და წონაც განსხვავებულია. ზოგიერთი ჩემთვის, როგორც ობივატელისთვის კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ჩემი სიმპატია არცერთ მათგანს არ დაუმსახურებია.

დასავლეთზე შეტევა 7 ივნისს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ დაიწყო: “ამერიკის საელჩო მის (ბ.ივანიშვილის) საუბრებს ისმენს, ეს კანონიერია თუ უკანონო არ ვიცი. ისე მუშაობენ”.

ობივატელი: ჰმ… ყოველთვის ვიცოდი, რომ გვისმენდნენ!

ივნისის მიწურილს 3 დღე, მიყოლებით კი ნამდვილი შტურმი გაიხსნა.

25 ივნისი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი რომან გოცირიძე: “ხანდახან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა ღმერთიც კი ცდება.”

ობივატელი: ოჰო, თუ ამერიკის მთავრობა ასე ადვილად ცდება, იქნებ ის ცდება მაშინ როდესაც ჩვენ ჯაველინებს გვაწვდის, სამხედრო წვრთნებში გვეხმარება და ამით რუსეთს აღიზიანებს? მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, რომელიც გოცირიძის პოლიტიკური პარტნიორია სწორედ ასე ფიქრობს და უფრო თანმიმდევრული ჩანს.

26 ივნისი, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია: “ზოგჯერ დიპლომატებს გამოცდილება არ ჰყოფნით ხოლმე, შარში ეხვევიან და თანავუგრძნობ მას (გერმანიის ელჩს), რომ შარში გაეხვია და სხვა ელჩებიც გახვია.”

ობივატელი: აჰა, ელჩს კვალიფიკაცია არ აქვს და გერმანიამ აქ გამოუშვა პრაქტიკაზე. თან შარიანია, სხვა ელჩებიც დიდად ვერაფერში ერკვევიან.

27 ივნისი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი: “გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი… ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან, ისევე როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი.”

ობივატელი: აი თურმე რა. თურმე ყველაფერსაც კარგად ხვდება ელჩი, ფულს იღებს საერთოდ. დასავლეთში ეს ნორმაა.

შტურმის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ, “გირჩის” თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ შეტევის ეს ფაზა დაასრულა: “სტატიებს უკვეთავენ (მთავრობა) BBC-ზე…”

ობივატელი: ოჰ, კაი ერთი, დიდი ამბავი – ელჩები თუ ფულს იღებენ, იქეთ კიდევ კონგრესმენები, დიდი ბრიტანეთის ჩვენებურად რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი მაუწყებელი რატომ იტყვის უარს ფულის გაკეთებაზე? ჩვეულებრივი ამბავია.

 

რეზუმე

გზავნილები, რომელიც ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობებს ეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პარტნიორებისთვის, ასევე მტრებისთვის. ბოლო, ტრაგიკული მაგალითი 2008 წელს მოხდა, როდესაც საქართველომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე  წარუმატებლობა განიცადა, ანუ ვერ მივიღეთ ე.წ. მაპი. შედეგად, რუსეთმა მიიღო ნათელი მესიჯი, რომ საქართველო არ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი დასავლეთისთვის, მით უმეტეს ევროპული პოლიტიკის მთავარი მოთამაშეებისთვის და თავს დაგვესხა.

“გირჩის” განცხადებაზე რეზონანსს და საქართველოს საგარეო უწყების ფიასკოს პარტნიორ ქვეყნებთან ერთმანეთის გვერდით ბუნებრივია არ ვაყენებ. მაგრამ ქართულ საზოგადოებაში, ანტიდასავლურ განწყობილებებს პირველ რიგში არა ბოტები და ფეიკნიუსები, არამედ პოპულარული და რეალური პოლიტიკოსების გაუმართლებელი განცხადებები კვებავს. მერე უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ ქართველებისთვის ერთერთი საყვარელი, კარიერის ზენიტში მყოფი წარმატებული სპორტსმენის მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას, დიდი ზარზეიმით ხვდება მოსახლეობის დიდი ნაწილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად