როგორ დაარწმუნებენ ვაქცინაციის აუცილებლობაში მის მოწინააღმდეგეებს – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლითაც ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ მოქალაქეებს ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნებენ.

“ჩვენ გვყავს კარგი სპეციალისტები და მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალებს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ჩვენ მოქალაქეებთან. ვეცდებით გავაცნოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის დადებითი მხარეები და რა თქმა უნდა ჩვენ თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ რისკებზე ვაქცინაციის შემთხვევაში. მაგრამ, როდესაც მიმდინარეობს შეწონვა, ნათლად ვხედავთ, რომ ვაქცინაციის რისკები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების ფართო ვაქცინირებას არ მოვახდენთ.

ასევე არსებობს საგანმანათლებლო ვიდეორგოლი, რომელიც სულ მალე იქნება ტელეეკრანებზე და მოხდება ძირითადად ინფორმაციული ნაკადების მიწოდება იმასთან დაკავშირებით თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ვაქცინაციას. ეს იქნება მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ გავლენა მოვახდინოთ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგ არიან.

ასევე მნიშვნელოვანია მედპერსონალის ვაქცინაცია და მათი ჩართულობა ამ პროცესში. იმიტომ, რომ ექიმების და მოქალაქეების კავშირი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო კავშირია, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იყოს სანდოობის ასამაღლებლად”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...