როგორ აღმოჩნდა გველები ბათუმის სანაპირო ზოლზე და ემუქრება თუ არა საფრთხე მოქალაქეებს (ვიდეო)

ბათუმის სანაპირო ზოლზე, მიმდინარე კვირას, 2 ლოკაციაზე დამსვენებლებმა ქვეწარმავლები დააფიქსირეს. სიტუაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა თვითმხილველებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს. ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი პანიკამ მოიცვა, ზოგიერთი კი შეზლონგზე გაწოლილი გველის დანახვაზე თამამად ხუმრობს.

“აიპრესი” დაინტერესდა ბათუმის ბულვარის გასწვრივ, ხალხმრავალ სანაპირო ზოლზე, როგორ აღმოჩნდნენ ქვეწარმავლები და ემუქრება თუ არა რაიმე ტიპის საფრთხე მოქალაქეების უსაფრთხოებას. გთავაზობთ ინტერვიუს ეკოლოგთან და ამავე დროს ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, კახაბერ გუჩმანიძესთან.

ბატონო კახა, შერატონისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამსვენებლებმა იპოვეს ქვეწარმავლები. როგორ აღმოჩნდნენ ისინი ქვიშიან, ხალხმრავალ სანაპიროზე და უქმნის თუ არა საფრთხეს მოქალაქეების უსაფრთხოებას?

ის ქვეწარმავლები, რომლბიც დაფიქსირდა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მათი გამოჩენის მიზეზი ძირითადად არის ბოლო პერიოდში განვითარებული არასახრბიელო კლიმატური პირობები. მოგეხსნებათ იყო ღვარცოფები, დიდი ნიაღვრები, რამაც გამოიწვია ჭოროხიდან და მცირე შენაკადებიდან, რომლებიც შავ ზღვას უერთდება, ქვეწარმავლების შედინება შავ ზღვაში და შემდეგ შემჩნეული იქნენ სანაპირო ზოლში. მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო ერთი მთავარი გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილი ქვეწარმავლებიდან, არც ერთი არ არის იმ სახეობის, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდეს.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, მათი ნაკბენი არ არის საშიში?

ნაწილი არ იკბინება, ნაწილის ნაკბენი არ არის საშიში ადამიანის ჯანმრთელობიუსთვის. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი არის გველგესლაც დასავლეთ  საქართველოში, მათი ნაკბენი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ეფექტის მომტანი არ არის. მე შემიძლი დავამშვიდო მოსახლეობა, ის ქვეწარმავლები, რომლებიც ძირითადად გამოჩნდა შავი ზღვის სანაპირო ზოლში არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს.

თუმცა ფაქტი არის ერთი, როგორც დამსვენებლისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე ჩემთვისაც ესთეტიურად მიუღებელია და ზოგადად იქმნება ანტურაჟი, შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლითვის იყოს საშიში. დღეის მდგომარეობით არ არსებობს რაიმე კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები, რაც  ხელხს შეუშლის მათ მოხვედრას შავ ზღვაში. ბუნებას გააჩნია თავისი თავისებურებანი, არ ვიცით როდის იქნება ღვარცპოფები და შეუძლებელია ამ ნაკადის რაიმე სახით შეკავება.

გამორიცხავთ შესაძლებლობას, რომ ეს ქვეწარმავლები არა ზღვის, არამედ ხმელეთის მეშვეობით გავრცელდნენ?

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი ფაქტი არ დასტურდება. თუმცა არსებობს ვერსია, რომ არდაგანის ტბიდან შესაძლოა მომხდარიყო მათი მიგრაცია. თუმცა მივიჩნევ, რომ არდაგანის ტბაში დღემდე არ არის დაფიქსირებული მათი სიმრავლე. რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, არ იქნებოდა ურიგო, იმიტომ რომ ეს რაღაც დონეზე სანიტარულ ფუნქციასაც ასრულებს.

ეს ფაქტები არ არის იშვიათი გამონაკლისი ბათუმის სანაპირო ზოლზე. მსგავსი ფაქტები უკანასკნელი წლების მანძილზე არც თუ ხშირი პერიოდულობით ფიქსირდება.

მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა ეს სპეციალურად გააკეთონ. მაგალითს გეტყვით ბზების შემთხვევაზე. 2011 წელს ბზები გადაიწვა ერთ დღეში. სინჯები გადააგზავნეს შვეიცარიაში და აღმოჩნდა ბზის დამწვრობა, იგივე ბზის კიბო, რომელიც ქარის მიერ ვრცელდება სწრაფად. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება ინვაზიურად იყო შემოტანილი საქართველოში თურქეთის მხრიდან, რომ მომხდარიყო ჩვენი ბუნებისთვის ზიანის მიყენება. ბზებთან დაკავშირებით დივერსია იყო და ქვეწარმავლებთან დაკავშირებითაც არ არის გამორიცხული. არ არის გამორიცხულ კონკრეტულ პირთა ჯგუფს მიეყვანა ეს ქვეწარმავლები სანაპიროზე და ეთქვა, რომ  ეს ზღვამ გამორიყა. შეექმნა ანტურაჟი იმისა, რომ ზღვაში ბანაობა რაიმე საფრთხის შემცველია. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ვარ, თუმცა არ გამოვრიცხავ. როგორც ეკოლოგი და გარემოს დამცბველი ვამბობ, ალბათობა იმისა, რომ მდინარეების გზით მომხდარიყვნენ ეს ქვეწარმავლები სანაპირო ზოლზე უფრო დიდია.

ქვეწარმავლების სანაპირო ზოლზე გამოჩენას საზოგადოების ნაწილიში პანიკა მოჰყვა, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა მიიღოს ბათუმის მერიამ?

მე მიმაჩნია, რომ სანაპირო ზოლზე შეწამლვითი ღონისძიებების განხორციელება გაგანია ტურისტული სეზონის პერიოდში, თუნდაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ იყოს საზიანო, არ იქნება ქალაქისთვის სწორი პოლიტიკა. ეს არის ჩემი შეხედულება, როგორც მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის.

მოამზდა მაია შავაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...