“როდესაც გიყვარს მაშინ ჯურღმულშიც კი ანათებ” – ინტერვიუ მსახიობ ჯანო იზორიასთან

მსახიობ ჯანო იზორიას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ის ფართო საზოგადოებამ ტელე შოუებიდან გაიცნო, თუმცა, როგორც „აიპრესთან“ ჰყვება, ურჩევნია ცნობადი სახე, მისი ძირითადი პროფესიიდან გამომდინარე გახდეს.


ის ფოთის თეტრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. გადაღებულია რამდენიმე ცნობილ ფილმში („მანდარინები“, „შემთხვევითი პაემანი“, „კომა“, „გაღმა ნაპირი“, „ცუდი ხალხი“, „ არის ასეთი ქვეყანა“). ნომინირებული იყო თეტრალურ პრემია „დურუჯზე“ , მიღებული აქვს საერთაშორისო რეგიონალური თეტრების ფესტივალზე პრიზი „ალალე“. ახლახან, კანადაში, ფილმ „ცუდი ხალხ“-ში შესრულებული მამაკაცის მეორე ხარისხოვანი როლისთვის დააჯილდოვეს.

როგორც მსახიობი კმაყოფილი ხარ შენი თავით?

ლაშა ბუღაძის „თეატრში“ , სადაც რეჟისორს ვთამაშობ, ერთ ეპიზოდში ცოლი მეკითხება: კმაყოფილი ხარ დღეს შენი რეპეტიციით? მე ვპასუხობ _ არასოდეს არ ვარ კმაყოფილი. ალბათ, კმაყოფილების გრძნობა, აფერხებს ადამიანს… ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, შემიძლია უფრო მეტი და ამ უფრო მეტისთვის უნდა გავაკეთო ბევრი რამ. ასე, რომ კმაყოფილი ვიქნები, რა ვიცი როდის…

შენი გადმოსახედიდან როგორი უნდა იყოს მსახიობი?

მსახიობი უნდა იყოს ბოლომდე ჩაშვებული ამ სფეროში. არ უნდა შეეშინდეს სიგიჟეების ჩადენა, რადგან ეს პროფესია ითხოვს რისკებზე წასვლას. არ ეპატიება მსახიობს პროფესიისადმი უპატივცემლობა, სპექტაკლის სულით ხორცამდე არ თამაში. თუნდაც ორი კაცი, რომ მოვიდეს სპექტაკლზე, ის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცნობადი სახე ხარ. არაერთ სატელევიზიო შოუში მიგიღია მონაწილეობა. როგორ ფიქრობ, რატომ იწვევ ასეთ ინტერესს, რა მოსწონთ შენში?

შოუებში, ალბათ, კინოროლების გამო მიწვევენ, ასევე მეგობრებიც ხელს მიწყობენ. თუმცა, უფრო სასიხარულო და სასიამოვნო იქნებოდა, ჩემი ძირითადი პროფესიით რომ ვიყო ცნობადი სახე, ქუჩაში უცნობებმა კინოროლებიდან გამომდინარე, რომ მიცნონ და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან. მაგრამ, ეს ასე არ ხდება, რაც უკვე სახელმწიფო პრობლემაა. ქართული ფილმები ტელევიზიით ხშირად არ გადის, კინოთეტრები რეგიონებში არ გაგვაჩნია.

თვისება, რომელიც სხვებისგან განგასხვავებს..

მირჩევნია ჩემზე სხვებმა ილაპარაკონ…

შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად კონფლიქტური ხარ, თუ რამე არ მოგწონს ამას საჯაროდ აფიქსირებ, ასეთი ხასიათის გამო ურთიერთობებში პრობლემები ხომ არ გექმნება?

როდესაც რამე არ მომწონს, ძალიან მშვიდად ვიწყებ საუბარს. ადამიანურად ვეუბნები, იცი რა ეს ყვავილი გადავდგათ, იმიტომ რომ ასე, უფრო კარგი იქნება. ჩემი კონფლიქტი არ უნდა უქმნიდეს ვინმეს დისკომფორტს, იმიტომ რომ კონფლიქტის მიზეზი არის ჩემი ზედმეტად მოწესრიგებულობა და რა თქმა უნდა, ტემპერამენტი, რადგან ასეთი დავიბადე, ასეთი გავჩნდი. ზოგჯერ პირდაპირი ვარ და ნურავის ნუ ეგონება ასე მარტო ფოთში ვიქცევი. სადაც არ უნდა ვიყო, თბილისში, ნიკარაგუაშიც, რომ დავინახავ უსამართლობას, მირჩევნია პირდაპირ ვუთხრა სათქმელი ადამიანს, მერე მისი საქმეა დამენდურება და გამარჯობას თუ არ მეტყვის. როდესაც ერთმანეთს “ჯიგრულად” ვეტყვით სიმართლეს და ეს რომ არ გაგვაბოროტებს, მაშინ ვიქნებით შემდგარი პიროვნებები.

რომელიმე რეჟისორთან ხომ არ გქონია უთანხმოება, რომელთანაც საერთო ენა ვერ გამონახე?

არავინ მახსენდება ერთი ავსტრიელი რეჟისორის გარდა. ფოთის თეატრში იყო ჩამოსული. მასთან სურვილი დამეკარგა მუშაობის. იყო შეპირებული პროექტის შექმნას სხვანაირად და დაიწყო სხვანაირად. თუ თავიდან მეტყვი ეს აი ამ ქოხში გვაქვს გადაწყვეეტილი, მაშინ შესაბამისად განვეწყობი, თუ დავინახავ რაღაც მაიმუნობებს და „ხალტურშიკობას“ აქვს ადგილი, მაშინ ნახვამდის.

საკმაოდ აქტიურად ხარ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არსებულ პრობლემებზე ხშირად კრიტიკულად ეხმიანები სოციალურ ქსელში. როგორ ფიქრობ, რისი ბრალია, რომ ფოთში მთელი რიგი საკითხების მოგვარება წლებია ვერ ხერხდება?

ამას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია, არ უყვართ თავიანთი ქალაქი. ახლახან „ფეისბუქგვერდზე“ დავწერე ზებრა გადასასვლელებთან დაკავშიებით. თითქმის წაშლილია ყველგან და არ ჩანს კარგად. რა უნდა საღებავის გადასმას, ეს ხომ სახუმარო არ არის, სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. მარტო მე მაწუხებს ეს?! თბილისში მყავს ოჯახი, იქაც ვმუშაობ ჩემი პროფესიით, მაგრამ, აქ ჩამოვდივარ, რადგან პასუხისმგებლობა მაქვს ჩემი ქალაქის მიმართ, რომ მე უნდა ვითამაშო ამ თეატრში. რეპეტიციები რომ არ მქონდეს ნამდვილად არ ჩამოვიდოდი, რადგან ნამდვილად ვიცი რაღაც შარში გავეხვეოდი. ვიღაცას უნდა შევხვდე და ვუთხრა, მარტო მე ვხედავ ამ პრობლემას, თუ მეჩვენება. ერთ მშვენიერ დღეს ხალხს აუდუღდება მოთმინების ფიალა და მერე რას იზამენ მაინტერესებს.

ქაფშიის სეზონზე, თევზის გადამამუშავებელი ქარხნებიდან გავრცელებულ უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით, შარშან გარკვეული ჯგუფი შეიკრიბეთ. გქონდათ არაერთი შეხვედრა საწამოების მეპატრონეებთან, ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მახსოვს, თქვენს მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე მხოლოდ 40-მდე ადამიანი მივიდა. არ ფიქრობ, რომ არსებული პრობლემების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, სწორედ ადგილობრივების მსგავისი ინერტული დამოკიდებულებაა?

რა თქმა უნდა, ეს ხალხის ბრალია, რაც ბევრჯერ მითქვამს. მე პოლიტიკოსობა რომ მინდოდეს, იქ მაინც დავჯდებოდი სადაც ზიან და არაფერს აკეთებენ. ზოგიერთს კვერცხი უნდა ამოუდო ქვემოთ და წიწილებს მაინც გამოჩეკავს. რა საავდმყოფოებს მიხსნიან ქალაქის ცენტრში, თან რატომ აფიქსირებენ ამას ასე ამაყად მიკვირს, ლუბლიანას ქუჩაა? არქიტექტორი არ ყავს ამ ქალაქს? ვინმეს არ ეკითხებიან აზრს? ერთი კარგი კრუიზია მოსაწყობი და ესენი ყველა ზღვაშია გასაშვები, იმიტომ რომ სახელწიფოებრივი ვალდებულება აკისრიათ, ხალხმა მოგავლინა და დაგსვა ბიძია მანდ. ჩემს ქალაქში ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად. თუ ამბიცია აქვთ ფაზისობის, შესაბბამისად უნდა მოიქცნენ.

არაერთხელ ჩაშლილი ტენდერების ფონზე, როგორც იქნა დაიწყო ახალაშენებული თეტრის შენობის რეაბილიტაცია. რამდენად არის იმის საშიშროება, რომ იგივე არ განმეორდება და სამუშაოები ისევ უხარისხოდ შესრულდება?

სამხატრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ყოველდღე დადის და აკონტროლებს მუშაობის პროცესს. ხელისუფლებიდან ჩაბარების დღეს მოვლენ ალბათ. მთელი ერთი კვირა, რეგიონალური ფესტივალი ტარდებოდა, შესაბამისი სამსახურებიდან არავინ მოსულა. ადამიანო, 7 ევროპული ქვეყანა თამაშობს სპექტაკლს შენს ქალაქში და ერთი დღეც არ მოდიხარ. არანაირად არ გვეგონა ისევ კულტუის სახლში თუ მოგვიწევდა დაბრუნება, ე ჩემთვის დიდი ტკივილია. თეატრის ჩამონგრევამდე, ვინც შიგნით კონცერტებს მართავდა, დღეს გარეთ ატარებს კონცერტებს. ხელოვან ხალხს ვეკითხები ამ ქალაქში, სოლიდარობის შეგრძნება არა გაქვთ? იცით რა, ქუჩაში არ ვაცეკვებთ ბავშვებს, დააჩქარეთ თეატრის რეაბილიტაცია! _ ეს რომ თქვას ვინმემ, არა?! მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ ეს თეტრი რომელიმე კონკრეტული პირისაა, არავის მემკვიდრეობით არ ჩაბარებია და თუ ქალაქისაა შენც გეკუთვნის, ჩენც უნდა წუხდე ამაზე. თეატრის წინ კარვები რომ გავშალოთ და მოვაწყოთ საპროტესტო აქცია, აბა რამდენი ვიქნებით ხო ხვდებით? და როდესაც თბილისში რაღაც ხდება მაშინ გამოდიან აქ, მოდას აყოლილი დემონსტრანტებივით, ყველას არ ეხება ეს რათქმა უნდა. შენს ქალაქს როდესაც უჭირს, რატომ არ აპროტესტებ?!

დავუბრუნდეთ შენს შემოქმედებით ცხოვრებას, ამჟამად რითი ხარ დაკავებული, გაქვს ახალი შემოთავაზებები?

ჩვენი თეტრის უმთავრეს პროექტზე, მიუზიკლზე ვმუშაობ. ასევე ვთამაშობ ბაღაშვილების მიერ დადგმულ „ჩხიკვთა ქორწილში“, მაყურებლის მოთხოვნის გათვალისწინებით „ბლექ სი არენაზე“ წელსაც ვითამშებთ ამ სპექტაკლს და ამით დავხურავთ სეზონს. სოხუმის თეატრში „მთვარის მოტაცებაში“ ვმონაწილეობ. გვექნება გასტროლები და ალბათ საქართველოს მასშტაბით ვივლით. ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილია გავხდე ამ თეტრის დასის წევრი, ხალხი 5 თეატრში მუშაობს და მე რამენაირად ორ თეატრს გავწვდე უნდა. ეს არის ჯერჯერობით, გზადაგზა რა იქნება არ ვიცი.

როგორც ვიცი პირად ცხოვრებაში სიახლე გაქვს, ახალშეუღლებულ მეუღლესთან ერთად ცხოვრობ…


ვარ მშვიდობიანად, ბედნიერად( იცინის), ჩემი სამი წლის ქალიშვილი ევაც კარგად არის, რაჭაში ისვენებს, დღეს ბედნირება და სიხარული ელის დედა აკითხავს. ახალშეუღლებულ მეუღლესთან, გვანცა ბადურაშვილითან ერთად ვცხოვრობ. ერთმანეთი თბილისში მეგობრების რესტორანში გავიცანით, რომ დავინახე თავიდან პორტუგალიელი მეგონა. მერე დაიწყო ურთიერთობა, ძალიან უყვარს თეტრი, კინო, ისეთ ნიუანსებს ამჩნევს და განიხილავს ბევრ კინოთმცოდნეს შეშურდებოდა. ბედნიერი ვარ, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ, 6 თვის წინ ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი. როდესაც გიყვარს მაშინ გამოგდის კარგად საქმე, მაშინ ჩანხარ მილიონ ადამიანში და ჯურღმულშიც კი ანათებ.

ავტორი: ანა ჯახაია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად