რიჟვაძე: ჩემი 2 წლის შვილს უფრო მეტი მეგობარი ჰყავს ბაღში, ვიდრე ენმ-ს მხარდამჭერი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მის 2 წლის შვილს უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში. ამის დასტურად, თორნიკე რიჟვაძეს, ბათუმში ოპოზიციის გუშინდელ აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა მოჰყავს.

მისივე თქმით, რადგან პროპორციულმა სისტემამ, პარლამენტში, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა 2020-ის არჩევნები შერეული მოდელით ჩატარდება.

“ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ზოგადად “ნაციონალურ მოძრაობას” აჭარაში. ​ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა.

სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ 2024 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩავატაროთ”,-აცხადებს რიჟვაძე.

აჭარის მთავრობის თვმჯდომარის განცხადებით, როგორც ცენტრში, ისე აჭარის ავტონომიაში, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შესაბამისობაში.

” რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყანაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან” – აცხადებს მთავრობის თავმჯდომარე.

ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი პასუხი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც შერეული სისტემით ჩატარდება, რიჟვაძე პასუხობს, რომ “ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისობაში ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან”.

პარლამენტის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, კენჭი უნდა უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად