რივიერაზე 5 ცათამბჯენი და ხელოვნური არხი ცვლის სანაპირო ზოლს – ღია წერილი შავიზღვის დაცვის კომისიას

“საზოგადოება ბათომი”, “დაიცავი ბათუმი” და “მწვანე ალტერნატივა” “შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას ოფიციალური წერილით მიმართავს. კომისიის ხელმძღვანელს პროფესორ მეჰმეტ ემინ ბირპინარს წერილით ატყობინებენ იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რომელიც მათი ვარაუდიდთ, შავი ზღვის სანაპიროს პროექტ”რივიერა ბათუმის” განხორციელების შემთხვევაში ემუქრება. ღუა წერილის ადრესატები შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას სთხოვენ აღნიშნულზე რეაგირებას:

“ბატონო მეჰმეტ,

გვინდა გაცნობოთ რომ საქართველოს მთავრობა სამწუხაროდ არ ასრულებს იმ ვალდებულებებულს რომელიც აღებული აქვს შავი ზღვის კომისიის ფარგლებში, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენციის ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის პროტოკოლს, რომლის თანახმადაც საქართველო ვალდებულია აღადგინოს და დაიცვას ბუნებრივი, ისტორიული, კულტურული და ესთეტიკური ღირებულების ლანდშაფტები. საქართველო არ ასრულებს შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმას (2009), რომლის თანახმადაც ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ მდგრადი ადამიანური განვითარება და ამისთვის დანერგონ სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გარემოსდაცვითი აუდიტი, ეკოლოგიური ტექნოლოგიები, საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მწვანე ტურიზმი და მდგრადი საცხოვრისი.

ამის მკაფიო მაგალითია, ქ.ბათუმში შპს „რივიერას“ მიერ დაწყებული მშენებლობა, რომლის თანახმადაც ქ.ბათუმის კონცხზე დაგეგმილია ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა, იახტ კლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარის ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარება. 5 ცათამბჯენი, ყველაზე მაღალი 57 სართულიანი და ყველაზე დაბალი 35 სართულიანი ნაგებობის მშენებლობა ზღვიდან 150 მეტრში, აგრეთვე ხელოვნური არხის შემოყვანა ხმელეთზე იახტ კლუბის ლაგუნისთვის სრულად ცვლის სანაპირო ზოლს. თუმცა ნებართვის გაცემა ქალაქის საკრებულოს მიერ განხორციელდა ყოველგვარი გარემოსდაცვითი შესწავლის გარეშე, და საერთოდ არ გახსენებიათ სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპების გამოყენება.

ამასთან, აღმოჩნდა რომ საქართველოს სახელმწიფომ, ქონების მართვის სააგენტოს სახით, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ოფშორული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.
არსებობს საკმაოდ დიდი ეჭვი, რომ ზღვის აკვატორიის დარეგისტრირებული მონაკვეთი, რომელიც ბათუმის პორტის ფორვატერიდან დაახლოებით 60 მეტრითაა დაშორებული, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მშენებლობის დროს ამოღებული მიწის განსათავსებლად და ამ გზით აქ ახალი ხმელეთის ნავმისადგომის მოსაწყობად.

ვინაიდან, ბათუმის კონცხის სტაბილურობა ერთერთი ყველაზე პრობლემური საკითხია საქართველოს შავი ზღვისპირეთისთვის, ხოლო განაშენიანების დამტკიცებული ვარიანტისა და ახალი ნავმისადგომის მშენებლობის კუმულაციურ ზემოქმედებას შესაძლებელია მნიშვნელოვნად უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს როგორც ქ.ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოებაზე, ასევე შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე აჭარის სანაპირო ზოლში, მოგმართავთ თხოვნით:
მოსთხოვოთ საქართველოს მთავრობას:

1. შეასრულოს შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კონვენცია და მისი ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის პროტოკოლს (2009), ასევე შავი ზღვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (2009);

2. უზრუნველყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპებისა და მექანიზმების ამოქმედება შპს რივიერას განაშენიანების გადახედვის პროცესში

3. ვინაიდან წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას , მათ შორის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებას, დაიწყოს სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) პროცედურა, (შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება).

4. ხოლო წარმოდგენილი გსზშ-ს ანგარიშის შეფასებისთვის სახელმწიფომ მოიწვიოს გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე დამოუკიდებელი უცხოური კომპანია.,– ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და მწვანე ალტერნატივა აწერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად