რიყის პარკმა ამერიკის კვირეულის შემაჯამებელ გამოფენას უმასპინძლა

რიყის პარკმა ამერიკის კვირეულის შემაჯამებელ გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ესწრებოდნენ. 

რიყის პარკში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში საქართველოში მიმდინარე სამთავრობო და არასამთავრობო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყო.  გამოფენაში მონაწილეობდნენ თბილისში არსებული ამერიკული სწრაფი კვების ობიექტებისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, სხვადასხვა გრანტებისა და დახმარების პროგრამების შესახებ. ასევე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრავალმხრივი მუშაობისა და იმ პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს.

დავით ნარმანიას თქმით, მისალმებელია, რომ ამერიკის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს დედაქალაქში ჩატარდა. მერის განცხადებით, ღონისძიება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია, ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის კულტურულ და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის მიმართ ინტერესს. მისი თქმით, დედაქალაქი ყოველთვის მზად არის აშშ-სთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლოობისათვის.   

„აუცილებელია, ასეთი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდეს, რათა ხალხი გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის და, ამ შემთხვევაში, აშშ-ის კულტურას. დედაქალაქი, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა, ყოველთვის მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლოობისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.  

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, ამერიკის კვირეულის საქართველოში გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას. 

ამერიკის დღეები საქართველოში 2 ივნისს დაიწყო, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდში, ახალციხესა და გორში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...