რიოს ოლიმპიადამდე დარჩა 24 დღე – გაიცანით ჩვენი ლიცენზიანტები – კანოე

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადამდე სულ ცოტა დრო რჩება. საქართველოს სახელით კი ამ ეტაპზე მოპოვებული ლიცენზიებით 39 სპორტსმენი წარსდგება. ვინ არიან ქართველი ლიცენზიანტები, „აიპრესი“ რუბრიკაში „გაიცანით ჩვენი ლიცენზიანტები“ შემოგთავაზებთ.
 

„აიპრესის“ რუბრიკის მეშვიდე ლიცენზიანტები ნიჩბოსნები არიან.

22 წლის მცხეთელმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ 31-ე ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ეს ამბავი გერმანიის ქალაქ დუისბურგში 18-19 მაისს გამართულ ბოლო კონტინენტურ საკვალიფიკაციო ოლიმპიურ ტურნირზე გადაწყდა. ერთადგილიანი კანოეთი 200 მ დისტანციაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად სულ 14 სპორტსმენი იბრძოდა, ოლიმპიადის საგზურს კი პირველი-მეორე ადგილები იძლეოდა. შესარჩევ ეტაპზე ზაზამ დისტანცია 39.038 წამში დაფარა და მეორე შედეგით ფინალურ ჯგუფში მოხვდა, 9-კაციან ფინალში კი ასევე მეორე შედეგი აჩვენა (40.013) და გამარჯვებულ ესპანელთან, ალფონსო ბენავიდესთან (39.245) ერთად რიოს საგზური გაინაღდა.

ზაზა ნადირაძე დაიბადა 1993 წლის 2 სექტემბერს. 2014 წელს უნგრეთში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს ნიჩბოსანთა საუკეთესო შედეგია. ნადირაძე პირველი ქართველი ნიჩბოსანი იქნება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა. 1972 წელს, მიუნხენში სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ორადგილიანი ბაიდარით (ბელარუს ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ფოთელი ვიქტორ კრატასიუკი. იმავე ოლიმპიადაზე ნიჩბოსნურ სლალომში 31-ე ადგილზე გავიდა მცხეთელი გიორგი ნასყიდაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...