რევაზ არველაძე: ამ დონის თამაშზე 7 და 30 ევროიანი ბილეთები არსად იყიდება

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ სუპერთასის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საპანიკო და კომიკური არაფერია, მოხდა ტექნიკური გაუმართაობა.

როგორც არველაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, ამ ეტაპზე პასუხისმგებლობაზე საუბარი არ არის სწორი. "მთავარია, რაც შეიძლება დროულად გამოსწორდეს მდგომარეობა, მოხდეს ქართველი და უცხოელი გულშემატკივრისთვის მოხდეს ისეთი კონცეფციის შეთავაზება, სადაც ისინი არ დახარჯავენ ბევრ ფულს, ენერგიას და ბილეთებს მშვიდად იყიდიან, სერვერი იმუშავებს და არ შეიქმნება პრობლემები", – განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა .

მისივე შეფასებით, 50000-იანი სტადიონი ყველა მსურველს ვერ დაიტევს.

"როგორც არ უნდა განაწილდეს კვოტა 80/20-ზე თუ 70/30-ზე ყველა ქართველი გულშემატკივარი ამ თამაშზე მაინც ვერ მოხვდება… გაიხსენეთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, მთელი 3 წლის განმავლობაში დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოში ყოფილიყო სუპერთასის თამაში… ნურავინ იტყვის, რომ სუპერთასი არ არის მაღალი დონის თამაში, ეს ძალიან დიდი დონის თამაშია… როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ იაფი ყოფილიყო თამაშზე დასასწრები ბილეთები, სწორედ ქართველ მომხმარებელსა და გულშემატკივარზე ვზრუნავდით. ამ დონის თამაშზე 30 ევროიან ბილეთებს ვერსად ნახავთ და 7 ევროიანი ბილეთის ცნებაც კი არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ბილეთის ფასების პოლიტიკასაც ეტყობა რის სურვილი გვქონდა. რა შუაშია პასუხისმგბელობა ან ჩვენ ვიყავით თუ არა ამაში ჩართული? Biletebi.ge არის საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელიც ბილეთების ონლაინ გაყიდვის სფეროში ოპერირებს. ყველა საკითხი აეროპორტიდან დაწყებული biletebi.ge-ით დამთავრებული, ყველა კომპანისთან ხელშეკრულება გაფორმდა უეფას რეკომენდაციით“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

მისივე თქმით, როგორც კი უეფას გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, ფეხბურთის ფედერაცია გაავრცელებს ინფორმაციას ბილეთების გაყიდვის დეტალებსა და ტექნიკურ საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად