Reuters: აშშ განიხილავს სანქციებს, რომლებიც ვენესუელაში Visa-ს და Mastercard-ის მუშაობას შეზღუდავს

აშშ-ში განიხილავენ ფინანსური სანქციების შესაძლებლობას, რომელთა მეშვეობითაც Visa Inc.-ს, Mastercard Inc.-ს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს აეკრძალებათ ვენესუელაში სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების დამუშავება და განხორციელება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აღნიშნული კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ვენესუელის პრეზიდენტზე ნიკოლას მადუროზე ზეწოლის თვალსაზრისით.

შეზღუდვები, თუკი ეს მართლა მოხდება, მიმართული იქნება ვენესუელის ელიტისა და ბოლივარული რესპუბლიკის ლიდერის ლოიალური ჯგუფების წინააღმდეგ.

ვენესუელის ინფორმაციის სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე Reuters-ს უარი განუცხადა.

მას შემდეგ, რაც იანვარში ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავის ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა და მას მხარი დაუჭირა ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, აგრეთვე აშშ-მა, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე მიიღო სანქციების რამდენიმე პაკეტი, რომლებიც მადუროს მმართველობის და ვენესუელის სანავთობო სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს წინააღმდეგ არის მიმართული. მოგვიანებით კი, ვაშინგტონი კარაკასს უფრო მკაცრი ზომების მიღებით დაემუქრა.

როგორც Reuters-ი წერს, პოტენციური ფინანსური შეზღუდვები, რომელზეც ამჟამად არის საუბარი, ვაშინგტონმა ჯერ კიდევ იანვრის მოვლენებამდე დაგეგმა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სანქციები მიმართული იქნება იმისკენ, რომ მთლიანობაში დაიბლოკოს ქვეყნის სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების წვდომა საერთაშორისო ფინანასურ სისტემასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...