რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი: მოცემულობაა, რომ თავი მოგჭრა თუ ხერხემალში გადაგტეხოო… დარგი უკვე მომაკვდავიც აღარაა

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა.

“შეხვედრაზე გვკითხეს, რომ ხომ ვერ გვირჩევთ, როგორი სახის შეზღუდვები დავაწესოთ, რომ დარგი არ დაზარალდესო. ეს იცით, როგორი რაღაცაა? – დარგი უკვე აბსოლუტურად განადგურებულია. შემიძლია ვთქვა, რომ მომაკვდავი უკვე აღარ არის. გადარჩენა ალბათ უკვე აღარ უწერია. ხერხემალში გადაგტეხო თუ თავი მოგჭრა, დაახლოებით ასეთი მოცემულობაა.

ლოქდაუნით შედეგს ვერ აღწევს ვერავინ. მაგალითად, ბათუმი რომ დაკეტეს სექტემბრის ბოლოს. ტრანსპორტი არ დადიოდა, სკოლები გაჩერებული იყო, ამან შედეგი ხომ არ გამოიღო?! ვინმემ ხომ უნდა გაანალიზოს, რომ ასეთი სახის დაკეტვა მცდარი გადაწყვეტილება იყო. რესტორნები და კაფეები 16 ოქტომბრიდან ღამის 10 საათზე უკვე დაკეტილია. ამანაც ხომ ვერ გამოიღო შედეგი. მერე შემოიღეს კომენდანტის საათი, რაც რესტორნების 8 საათზე დაკეტვას ნიშნავს. იმიტომ, რომ 10 საათზე ადამიანი სახლში უნდა იყოს და ტრანსპორტი 9-ის ნახევარზე გადის.

იყო ასეთი საუბარი, რომ შაბათ-კვირის კარანტინი ხომ არ გამოვაცხადოთო. ეს ხომ რეალურად იმას ნიშნავს, რომ 7 დღეზე რომ იყო განაწილებული, ეს 5 დღეზე შემჭიდროვდება და უფრო კონცენტრირებული გექნება ნაკადი. ჩაკეტვები მცდარი გზაა. ვერას და ვაკეს შორის გააკეთე ღობე, ეს შეამცირებს?!” – განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად