რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვაქცინაციაზე დილიდან ხალხმრავლობაა

ამ წუთებში, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციას არაერთი ადამიანი ელოდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვაქცინის რიგში მყოფთა შორის უმრავლესობა საშუალო ასაკის ადამიანები და ხანდაზმულები არიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ “სინოფარმისთვის” ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მინიჭებით, ვაქცინისადმი მოსახლეობის ნდობა გაიზრდება.

მისივე თქმით, “სინოფარმის” ვაქცინა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებში უსაფრთხოა

“მოგეხსენებათ, დღეს ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებით ადმინისტრირების თვალსაზრისით, ანუ ყველაზე მეტი, უკვე 300 მილიონამდე დოზაა ადმინისტრირებული. საერთაშორისო ასპარეზზეც 2 ვაქცინით გადის ის – სინოფარმით და სინოვაკით. ანუ, გლობალურად ხელმისაწვდომობა დღეს, როდესაც დიდი დეფიციტია ვაქცინების მსოფლიოში, იქნება უფრო გაფართოებული. საქართველოსთვის ცვლის იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება ვაქცინებისადმი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ხარისხიანი, ეფექტური, მისი დამცველობითი უნარი მერყეობს 79-86%-ს შორის.

“სინოფარმის” მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა.

თუ ჩვენ ყველა სერიოზულად ვიმუშავებთ ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სამიზნე, ანუ 60% მოზრდილი მოსახლეობის აცრა ორჯერადად, რა თქმა უნდა, ეს თეორიულადაც და პრაქტიკულადაც მიღწევადია, მაგრამ სამუშაო ძალიან დიდია,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...