რეგიონში, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით მსოფლიოში მოწინავეთა შორისაა, უშუქობა გახშირდა

ოკუპირებული აფხაზეთის პრესა სისტემატურად იუწყება დენის მიწოდებაში არსებული შეფერხებების შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები მას შემდეგ გახშირდა, რაც „ენგურჰესზე” სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგიის იმედზე დარჩა.

ელექტროენერგიით მომარაგებაში წარმოშობილი სირთულეების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ენერგეტიკაში წარმოქმნილი მძიმე სიტუაციის შემსუბუქების მიზნით, შესაბამის ორგანოებს ელექტროენერგიაზე უპრეცედენტოდ დაბალი ფასით წახალისებული და რეგიონში საყოველთაოდ გავრცელებული კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგ ზომების მიღება დაავალა.

ასლან ბჟანიას თქმით, 2021 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების დონე 20%-ით უნდა შემცირდეს და 2019 წელს მოხმარებულზე ელექტროენერგიაზე მეტი არ უნდა იყოს.

დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოების მიერ კროპტოვალუტის მაინინგით დაკავებულ პირთა გამოვლენის და მაინინგის გარკვეულწილად აღკვეთის მიუხედავად, „ჩერნომორენერგოს” მიერ მიწოდებული ელექტროენერგია ვერ აკმაყოფილებს მის უაღრესად უყაირათოდ მხარჯველ ოკუპირებულ აფხაზეთს და ხშირია მიწოდებაში შეფერხებების გამო ამა თუ რაიონის გამორთვები..

ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას „ენგურჰესიდან” და „ვარდნილჰესიდან” მოიხმარს. ესკოს მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მის მიერ ამ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 51,14% იქნა მოხმარებული, ხოლო 2020 წელს – 76,72%.

მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 2019 წელს თელასის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 70,97% შეადგინა, ხოლო 2020 წელს – 96,89%.

მოხმარებული ელექტროენერგიის აბსოლუტური რაოდენობა 2019 წელს 2 059, 9 მლნ კვტ სთ იყო. 2020 წელს მოხმარება 25%-ით გაიზარდა და 2 554,4 მლნ კვტსთ შეადგინა.

ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის მხრივ ოკუპირებული აფხაზეთი ლიდერთა შორის გვევლინება. აქ ერთ სულ მოსახლეზე წლის განმავლობაში 10000 კვტ სთ ელექტროენერგია იხარჯება. მცირედით ნაკლები, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის მხრივ მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე მყოფ აშშ-ში და იმდენივე, რამდენიც რეიტინგში მე-11 – მე-14 ადგილებზე მყოფ არაბთა გაერთინებულ სამიროებში, სამხრეთ კორეაში, ბრუნეიში და ავსტრალიაში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე მოიხმარება 2560 კვტსთ ელექტროენერგია. უფრო ნაკლებს ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ ალბანეთი, სომხეთი (სადაც ერთ სულ მოსახლეზე საქართველოზე მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარენ) და მოლდოვა მოიხმარენ.

კომენტარები
იტვირთება...