რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის გაცნობითი შეხვედრები გაიმართება

„აწარმოე საქართველოში“, პროგრამის ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება და 2015 წლის 29 ივნისიდან  ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს დაფარავს – კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია და აჭარა.

25-26 ივნისს, აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით დაგეგმილია საინფორმაციო სახის შეხვედრები კახეთის  რეგიონში. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, გიორგი ციკოლია და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება მოკლე პრეზენტაციისა და კითხვა პასუხის ფორმატით, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა უშუალოდ პროგრამის ინიციატორებისა და მასში მონაწილე პირებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ჩაერთოს ახალ სამთავრობო ინიციატივაში.

პირველი საინფორმაციო სახის შეხვედრა 26 ივნისს, 12:00 ქ. თელავში, უნივერსისტეტის ქ. #3-ში უნივერსისტეტის შენობაში და 17:00 საათზე ქ. გურჯაანში, ნონეშვილის ქ. 13-ში გურჯაანის მუნიციპალიტეტის შენობაში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ციკოლია და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი პავლე ოკუჯავა  აუდიტორიას  პროგრამის დეტალებს გააცნობენ.

კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყება, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტების 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა, რომელსაც არ გააჩნდა სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს, ისევე როგორც მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მეწარმეებს. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.

“აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს ბიზნესის წამოწყების კუთხით, რეგიონის განვითარებისთვის წამახალისებელ ფაქტორს წარმოადგენს, კონკრეტულად კი პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ:

  1. წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა
  2. გაიღრმავონ ბიზნეს უნარები
  3. გამოიყენონ შესაძლებლობა და მიიღონ შესაბამისი თანადაფინანსება

საქართველოს მასშტაბით შეხვედრები  გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს შემდეგ რეგიონებს: შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთში”, – განმარტავენ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად